ციხეში დაღუპული ოპოზიციონერი პოლიტიკოსის - ალექსეი ნავალნის გვარი ექსტრემისტულ სიმბოლიკად გამოცხადდა. ასეთი გადაწყვეტილება რუსეთის ოთხი რეგიონის სასამართლოებმა მიიღეს - იუწყება უფლებადამცველთა პროექტი "Первый отдел". ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს.
ცნობა ეყრდნობა ნავალნის ხსოვნისადმი მიძღვნილი აქციის სამი მონაწილის წინააღმდეგ გამოცემულ დადგენილებას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ - ჩელიაბინსკში, კრასნოდარსა და მურმანსკში. მანამდე, ნავალნის გვარის ხსენებისთვის აქციის მონაწილე დასაჯეს მურმანსკშიც.
ოთხ პირს ადმინისტრაციული პატიმრობა მხოლოდ იმის გამო მიესაჯა, რომ პლაკატებზე ეწერათ გვარი - ნავალნი. სასამართლოს დადგენილებებში მითითებულია, რომ „კორუფციასთან ბრძოლის ფონდი“ რუსეთში ექსტრემისტულ ორგანიზაციად მიიჩნევა [2021 წლიდან], ხოლო გვარი ნავალნი - „ატრიბუტიკად და სიმბოლიკად“ სახელდება.
"სასამართლოს არცერთი გადაწყვეტილებით არ იკრძალება და ვერც აიკრძალება გვარი - ნავალნი,“ - წერს "Первый отдел"-ი. თუმცა იმის გამო, რომ ოთხი სასამართლო გეოგრაფიულად ვრცელ არეალს მოიცავს, უფლებადამცველები ნავალნის გვარის გამო ადამიანების დასჯას უკვე დამკვიდრებულ პრაქტიკად თვლიან და არა ცალკეულ შემთხვევებად.
ალექსეი ნავალნი მოსკოვში, პირველ მარტს დაკრძალეს.
შეგახსენებთ, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ჩრდილოეთ ციმბირში კოლონიაში მყოფი ალექსეი ნავალნის სიკვდილდის შესახებ ცნობა 16 თებერვალს, რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახურმა გაარცელა.
„მან თავი შეუძლოდ 16 თებერვალს გასეირნების დროს იგრძნო და გონება დაკარგა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა პატიმრის რეანიმირება ვერ შეძლეს,“ იტყობინებოდა სამსახური.
ნავალნის პრესმდივანმა 17 თებერვალს განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი მოკლეს.
ნავალნის მეუღლე იულია ნავალნაია აცხადებს, რომ ქმრის საქმიანობას გააგრძელებს.
დასავლეთი ნავალნის სიკვდილზე პასუხისმგებლობას პუტინს და მის რეჟიმს აკისრებს.