რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის პანაშვიდი პირველ მარტს მოსკოვში, ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიაში გაიმართა. ნავალნი მოსკოვის ბორისოვის სასაფლაოზე დაკრძალეს.
ამის შესახებ დამოუკიდებელი რუსული საინფორმაციო რესურსი Meduza იტყობინება. ნავალნის გუნდის ტელეგრამ არხზე გამოქვეყნებული ვიდეოები აჩვენებს, რომ სამგლოვიარო პროცესიას სასაფლაოსკენ მიმავალ გზაზე ბევრი ხალხი მიჰყვებოდა, ისინი სკანდირებდნენ ნავალნის მხარდასაჭერად და ვლადიმერ პუტინს მკვლელს უწოდებდნენ. „მედიაზონას“ ინფორმაციით, ბორისოვის სასაფლაოსკენ მიმავალი ხალხი სკანდირებდა : „რუსეთი პუტინის გარეშე“, „არა ომს“ და „სიყვარული შიშზე ძლიერია.“
Meduza-ს ცნობით, ნავალნის პატივსაცემად, ბევრი ადამიანი მივიდა და ეკლესიისკენ მიმავალი რიგი, დაახლოებით ორ კილომეტრზე იყო გადაჭიმული.
როგორც მედიასაშუალება წერს, ხელისუფლებამ არეალში ინტერნეტზე წვდომა შეზღუდა. პოლიცია დაკრძალვაზე მისულთა საბუთებსა და პირად ნივთებს ამოწმებდა.
ცნობისთვის, აშშ-ის საელჩომ ტელეგრამ-არხით ალექსეი ნავალნის ფოტოსთან ერთად გამოაქვეყნა ანა ახმატოვას ლექსი - "რეკვიემი.“
შეგახსენებთ, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ჩრდილოეთ ციმბირში კოლონიაში მყოფი ალექსეი ნავალნის სიკვდილდის შესახებ ცნობა 16 თებერვალს, რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახურმა გაარცელა.
„მან თავი შეუძლოდ 16 თებერვალს გასეირნების დროს იგრძნო და გონება დაკარგა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა პატიმრის რეანიმირება ვერ შეძლეს,“ იტყობინებოდა სამსახური.
ნავალნის პრესმდივანმა 17 თებერვალს განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი მოკლეს.
ნავალნის მეუღლე იულია ნავალნაია აცხადებს, რომ ქმრის საქმიანობას გააგრძელებს.
დასავლეთი ნავალნის სიკვდილზე პასუხისმგებლობას პუტინს და მის რეჟიმს აკისრებს.