დუდა და ტუსკი აშშ-ში ჩადიან

პოლონეთის პრეზიდენტი ანდჯეი დუდა და პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი 12 მარტს, ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეხვდებიან. თეთრი სახლის ცნობით, ლიდერები რუსეთის სასტიკი დამპყრობლური ომისგან უკრაინის დასაცავად, ურყევ მხარდაჭერას დაადასტურებენ.


თეთრი სახლის შეხვედრა პოლონეთის NATO-ში გაწევრიანების 25 წლისთავს ემთხვევა და ხაზს უსვამს შეერთებული შტატებისა და პოლონეთის ერთობლივ, ურყევ ერთგულებას ალიანსის მიმართ. დუდა, ტუსკი და ბაიდენი, ვაშინგტონში NATO-ს მომავალი სამიტის წინ, თავიანთ ქმედებებს კოორდინაციას გაუწევენ.


ისინი ასევე განიხილავენ აშშ-პოლონეთის სტრატეგიულ პარტნიორობას ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე, ეკონომიკურ ურთიერთობებზე და, დემოკრატიული ღირებულებებისადმი შეერთებული შტატებისა და პოლონეთის ერთობლივ ერთგულებაზე.

სამიტზე ვაშინგტონში, სხვა საკითხებთან ერთად უნდა განიხილონ უკრაინისა და ალიანსის შემდგომი დაახლოება. NATO-ში აშშ-ის ელჩი ჯულიან სმიტი არ ელის, რომ უკრაინა ვაშინგტონში სამიტზე ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების მოწვევას მიიღებს.

ცნობისთვის, პოლონეთი რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მოკავშირეა. დუდა ასებე შეხვდება კონგრესის მთავარ კანონმდებლებს, მათ შორის, პალატის სპიკერს მაიკ ჯონსონს, პალატის დემოკრატიული უმცირესობის ლიდერს ჰაკიმ ჯეფრისს და სენატის რესპუბლიკური უმცირესობის ლიდერს მიჩ მაკკონელს.


გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი და „რესპუბლიკელები“ უკრაინის დახმარების საკუთარ პაკეტს ამზადებენ.

შესაბამის ინფორმაციას NBC News-ი სამ ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„უკრაინის დახმარების პაკეტის შემუშავების გეგმები ადრეულ ეტაპზეა, თუმცა იმ „რესპუბლიკელებს“, რომლებიც უკრაინას მხარს უჭერენ, სურთ, რომ კანონპროექტზე მუშაობა მას შემდეგ დაიწყონ, როგორც კი კონგრესი 22 მარტს აშშ-ის მთავრობის დაფინანსების პაკეტს დაამტკიცებს,“ წერს გამოცემა.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, მაიკ ჯონსონი და წარმომადგენელთა პალატის მთავარი კომიტეტების „რესპუბლიკელი“ ხელმძღვანელები უკრაინისთვის არასამხედრო დახმარების სესხის სახით გადაცემას განიხილავენ.


დემოკრატები და რესპუბლიკელები დღემდე ვერ თანხმდებიან რამდენად მკაცრი და ზუსტად როგორი უნდა იყოს საზღვრის დაცვის პოლიტიკა და უკანონო იმიგრაციასთან გამკლავების გზები. სწორედ ესაა მთავარი მიზეზი, რატომაც არ თანხმდებიან რესპუბლიკელები უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გადაცემას. რესპუბლიკელების ნაწილს სურს, რომ საზღვრის კვეთისა და საიმიგრაციო საკითხები მათი პრიორიტეტების მიხედვით გადაწყდეს და მხოლოდ ამის შემდეგ დათანხმდებიან უკრაინისთვის დახმარების გადაცემას.

ბაიდენმა 7 მარტს კონგრესისადმი მიმართვისას კიდევ ერთხელ ისაუბრა, რამდენად მნიშვნელოვანია მის მიერ წარდგენილი პაკეტის დამტკიცება უკრაინის დასახმარებლად.