12 მარტს რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნობა სურს.
რუმინეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ NATO საჭიროებს განახლებულ ხედვას და აღმოსავლეთ ევროპამ ღირებული წვლილი უნდა შეიტანოს ალიანსის ფარგლებში მიღებულ დისკუსიებსა და გადაწყვეტილებებში.
„გადავწყვიტე, მონაწილეობა მივიღო NATO-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე კონკურსში. მე მჯერა, რომ NATO-ს, თავის მხრივ, სჭირდება განახლებული პერსპექტივა მის მისიაზე. აღმოსავლეთ ევროპას აქვს მნიშვნელოვანი წვლილი NATO-ს ფარგლებში დისკუსიებსა და გადაწყვეტილებებში," - განაცხადა იოჰანისმა.
ამჟამინდელი გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგი ჯერ კიდევ 2022 წელს უნდა დაეტოვებინა თანამდებობა, მაგრამ იგი დაარწმუნეს, დარჩენილიყო, რადგან წევრი ქვეყნები ვერ შეთანხმდნენ კომპრომისზე მის მემკვიდრესთან დაკავშირებით - გენერალური მდივნის არჩევა ალიანსის ყველა წევრი ქვეყნის თანხმობას მოითხოვს.
ამჟამად ყველაზე სავარაუდო კანდიდატი მარკ რუტეა, რომელიც ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის პოსტზე მუშაობას ასრულებს. თუმცა, მის არჩევასთან დაკავშირებით შესაძლოა, სირთულეები წარმოიშვას უნგრეთის და თურქეთის პოზიციის, ასევე დონალდ ტრამპის პოლიტიკური გავლენის გამო, რომელსაც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შანსი აქვს.