ჩინეთი მნიშვნელოვნად უსწრებს რუსეთს და შეერთებულ შტატებს ჰიპერბგერითი იარაღის შემუშავების თვალსაზრისით. ამის შესახებ Bloomberg-ი პენტაგონის ანალიტიკოსზე ჯეფრი მაკკორმიკზე დაყრდნობით წერს. მისი თქმით, რუსეთმა ჰიპერბგერითი რაკეტები უკრაინაში უკვე გამოიყენა, რაც ბევრად ჩამორჩება ჩინეთის შეიარაღებას. მაკკორმიკმა კონვენციური იარაღის და ბირთვული ტექნოლოგიების განვითარების მხრივ ჩინეთის პროგრესზე ანგარიში აშშ-ს შეიარაღებული ძალების კომიტეტს წარუდგინა.
ანალიტიკოსის თქმით, ბოლო ოცი წლის განმავლობაში ჩინეთი აქტიურად იყო ჩართული ამ ტიპის იარაღის კვლევაში, შექმნასა და ტესტირებაში. 2014 წლიდან პეკინი შეამოწმებს კონტინენტთაშორის რაკეტებს ჰიპერბგერითი მართვადი ქობინით. ის ასევე მუშაობს ჰიპერბგერით ძრავაზე.
გავრცელებული ინფორმაციით, ჩინეთმა დააგროვა ჰიპერბგერითი იარაღის უდიდესი არსენალი, რომელსაც როგორც ბირთვული, ასევე, ჩვეულებრივი ქობინის ტარება შეუძლია. ამერიკელი ექსპერტები ყველაზე ეფექტიანს უწოდებენ DF-17 რაკეტას, რომელიც ექსპლუატაციაში 2020 წელს შევიდა და მას სამიზნეებზე დარტყმა 1600 კილომეტრამდე მანძილზე შეუძლია.
როგორც პენტაგონის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რუსეთს სამი ტიპის ჰიპერბგერითი იარაღი აქვს, რომლებიც უკრაინაზე დარტყმისთვის უკვე გამოიყენეს.
შეერთებული შტატები აძლიერებს ჰიპერბგერითი იარაღის პროგრამას, რომელიც ავითარებს სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო რაკეტებს. თუმცა, როგორც ამერიკელმა წარმომადგენლებმა მოსმენაზე განაცხადეს, ამ სფეროში შეერთებული შტატები ჩინეთსა და რუსეთს ჩამორჩება. უფრო მეტიც, შეერთებული შტატები არ გეგმავს ჰიპერბგერითი რაკეტების აღჭურვას ბირთვული ქობინით, რადგან მიაჩნია, რომ ამჟამინდელი ამერიკული ბირთვული არსენალი საკმარისია პოტენციური აგრესორის შესაკავებლად.