საქართველოში ტიპიურ დასაქმებულს, რომელიც კვირაში 40 საათს მუშაობს, თვეში 1,706 ლარი ესაჭიროება - კვლევა

Wage Indicator Foundation-ის გამოთვლებით, საქართველოში ტიპიურ დასაქმებულს, რომელიც კვირაში 40 საათს მუშაობს, თვეში 1,706 ლარი ესაჭიროება აუცილებელი საჭიროებებისა და ღირსეული ცხოვრების უზრუნველსაყოფად.

ეს თანხა საცხოვრებელ ხელფასს წარმოადგენს. საქართველოში მედიანური ხელფასი, რომელიც ამჟამად 1040-ს შეადგენს, საცხოვრებელი ხელფასის 60.9%-ს წარმოადგენს.

სახელმწიფოს მონაცემების თანახმად, მედიანური ხელფასი - თანხა, რომელიც მშრომელებს ორ თანაბარ ჯგუფად ჰყოფს – 2022 წლისთვის თვეში 1040 ლარი იყო. ეს ნიშნავს, რომ დასაქმებულთა 50% ამ თანხაზე ნაკლებს იღებს. 2022 წელს საშუალო ხელფასი თვეში მხოლოდ 1543 ლარს შეადგენდა, რაც საცხოვრებელ ხელფასთან შედარებით დაბალია.


საცხოვრებელი ხელფასი არის ხელფასის ის ოდენობა, რომელიც ფარავს მშრომელთა ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელ და ძირითად საჭიროებებს. საცხოვრებელი ხელფასი უნდა უზრუნველყოფდეს ისეთ საბაზისო ხარჯებს როგორიცაა კვება, ტანსაცმელი, საცხოვრებელი, განათლება, ჯანდაცვა, ტრანსპორტირება და სხვა მნიშვნელოვანი საჭიროებები. საცხოვრებელი ხელფასი ასევე უნდა ფარავდეს მოულოდნელ ხარჯებს და რაც მთავარია, მისი გამომუშავებისათვის მშრომელებს არ უნდა სჭირდებოდეთ ზეგანაკვეთური შრომა – საცხოვრებელი ხელფასის მიღება შესაძლებელი უნდა იყოს ერთ სამუშაოზე დასაქმების შემთხვევაშიც.


საცხოვრებელი ხელფასი განსხვავდება „საარსებო ხელფასისგან“.

საარსებო ხელფასი წარმოადგენს მინიმალურ ანაზღაურებას, რომელიც ვერ უზრუნველყოფს მშრომელის ღირსეულ ცხოვრებას და ის მხოლოდ საარსებოდ აუცილებელ ხარჯებს ფარავს. საცხოვრებელი ხელფასი მინიმალური ხელფასისგანაც უნდა განვასხვავოთ. ეს უკანასკნელი არის კანონმდებლობით განსაზღვრული მინიმალური ანაზღაურება, რომელიც დამსაქმებლებს შეუძლიათ, კანონიერად გადაუხადონ თანამშრომლებს. განსხვავების მიუხედავად, მინიმალური ხელფასი პრაქტიკაში შესაძლოა, დამოკიდებული იყოს საცხოვრებელი ხელფასზე ან/და მათი ოდენობა ემთხვეოდეს. საქართველოში არსებული ხელფასები ამჟამად საცხოვრებელ ხელფასზე გაცილებით დაბალია. კანონმდებლობით განსაზღვრული მინიმალური ხელფასი თვეში 20 ლარია და 1999 წლის შემდეგ არ განახლებულა.


არასამთვრობო ორგანიზაცია დამოუკიდებელი პროფესიული კავშირებისა და ადამიანის უფლებების ორგანიზაციების ერთობის ცნობით, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა საქართველოში სოციალური და ეკონომიკური უფლებების რეალიზების შესახებ გაეროში ერთობლივი ანგარიში წარადგინეს, რომელშიც სხვა თემებთან ერთად, მიმოხილულია ისეთი საკითხები, როგორიცაა, ქვეყანაში მოქმედი მინიმალური ხელფასის უკიდურესი სიმწირე და არაადეკვატურობა, სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლება (მათ შორის, კულტურის სფეროში), არაფორმალურ შრომაში ჩართულ დასაქმებულთა სოციალური დაცვის გარანტიების არარსებობა, ღირსეული შრომის პირობებისა და შრომის უსაფრთხოების დაცვა.

დოკუმენტით გაეროს კომიტეტს ასევე მიეწოდა ინფორმაცია სიღარიბესთან ბრძოლის ღონისძიებების (განსაკუთრებით, მიზნობრივი სოციალური დაცვისა და საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამის ნაწილში) გამოწვევებთან, ასევე, სათანადო საცხოვრებლისა და გამოსახლების პოლიტიკის უკიდურეს ხარვეზიანობასთან დაკავშირებით.

ორი თემატური ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობა ხუთმა ორგანიზაციამ (სოციალური სამართლიანობის ცენტრი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA), პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR), ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG) და ღირსეული შრომის პლატფორმა) მიიღო.