ტოივო კლაარი ოკუპირებულ ცხინვალსა და აფხაზეთში ჩავიდა

15 მარტს, ოკუპირებულ ცხინვალში ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები ჩავიდნენ. სააგენტო რეს-ის ცნობით, ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარემ, ევროკავშირის მხრიდან ტოივო კლაარმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოსახლეობას უნდა მიეცეს მეტი შესაძლებლობა „გამყოფი ხაზის“ გადაკვეთისთვის. მისი თქმით, აფხაზეთში საგუშაგოების რაოდენობა ისევ იმ რაოდენობის გახდა, როგორიც იყო კორონავირუსის პანდემიამდე.

თანათავმჯდომარეებს ე.წ. სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტის სახელმწიფო მრჩეველი კონსტანტინე კოჩიევი შეხვდა. კოჩიევის განცხადებით, ჟენევის დისკუსიებს ალტერნატივა არ აქვს.


„ჩვენ ვადასტურებთ შეფასებებს ჟენევის პროცესის მნიშვნელობის შესახებ და აღვნიშნავთ მის როლს არსებული უსაფრთხოების სტრუქტურის გაძლიერებაში. ჟენევის პროცესის გამოცდილება აჩვენებს, რომ მონაწილე მხარეებს შეუძლიათ საკამათო საკითხების გადაწყვეტილებების პოვნა. თავად ის ფაქტი, რომ პროცესი არსებობს და წარმატებით ფუნქციონირებს უკვე 15 წელია, გვაძლევს საშუალებას შევინარჩუნოთ გარკვეული სტაბილურობა რეგიონში, რაც უკვე შეიძლება ჩაითვალოს მნიშვნელოვან ელემენტად ამიერკავკასიაში უსაფრთხოების სტაბილურობისადმი ნდობის განმტკიცებისთვის,“ - განაცხადა კოჩიევმა. მანვე დასძინა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთში შეუმჩნეველი არ რჩება საგარეო პოლიტიკური მოღვაწეების მოწოდება თბილისისადმი მეორე ფრონტის გახსნის თაობაზე.

"ამაზე საქართველოს ხელისუფლებაც შეშფოთებით საუბრობს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შეგვიძლია დავაფიქსიროთ, რომ საზღვარზე სტაბილურობაა, ამ დროისთვის არ არსებობს მინიშნებები, რომ საქართველოს ხელისუფლებას სამხედრო მოქმედებების დაწყება სურს. თუმცა, ჩვენ ვამჩნევთ საქართველოსა და უცხოელ პარტნიორებს შორის სამხედრო თანამშრომლობის განვითარებას, რაც ზრდის უსაფრთხოების არსებულ რისკებს," - აღნიშნა კოჩიევმა რადიო თავისუფლების ცნობით.

13 მარტს ჟენევის დისკუსიის თანამთავმჯდომარე ტოივო კლაარი სოხუმს ესტუმრა. მანამდე დიპლომატს უარს ეუბნებოდნენ სამუშაო ვიზიტებზე.


„აფხაზეთში ჩვენ მივაღწიეთ იმდენივე გადაკვეთის პუნქტების რაოდენობას, რამდენიც პანდემიის გავრცელებამდე იყო. აქ, სამხრეთ ოსეთში, ჩვენ გვინდა ვიხილოთ მსგავსი სურათი, რათა ხალხისთვის საზღვრების გადაკვეთა გაადვილდეს,“ - განაცხადა ტოივო კლაარმა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების საკითხიც განიხილეს. "აუცილებელია ამ პრობლემის გადაჭრის გზების მოძიება და ახლობლებისთვის პასუხის გაცემა მათი ნათესავების ბედზე. ჩვენ სრულად გვესმის ამ საკითხის მნიშვნელობა და გვსურს ვითანამშრომლოთ ყველა დაინტერესებულ მხარესთან გამოსავლის მოსაძებნად," - აღნიშნა კლაარმა.


ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ირაკლი ტუჟბამ შეხვედრები ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან, ტოივო კლაართან, ჯიჰან სულთანოღლუსთან (გაეროს წარმომადგენელი) და ზიგფრიდ ვებერთან (ეუთოს წარმომადგენელი) გამართა.

„კონსულტაციების ფარგლებში მონაწილეებმა ყურადღება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მუშაობის განახლების საკითხებსა და თავისუფალ გადაადგილებასთან დაკავშირებულ საკითხებზე გაამახვილეს,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეხვედრის მთავარი თემა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მე-60 რაუნდის დღის წესრიგის განხილვა იყო, რომელიც 4-5 აპრილს გაიმართება.