ზურაბიშვილი „აფხაზი მოსამართლეების დამოუკიდებლობაზე“ მისი კომენტარის “ინტერპრეტირებას“ პრეზიდენტის დისკრედიტაციის მცდელობად აფასებს

პრეზიდენტის განმარტებით, ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. სასამართლოს მიერ ბიჭვინთის აგარაკების მესამე პირებისათვის გადაცემის აკრძალვის შესახებ, კანონის არგაუქმების გადაწყვეტილებაზე პრეზიდენტის სიტყვების ინტერპრეტირება არის საზოგადოების შეგნებულად შეცდომაში შეყვანა და პრეზიდენტის დისკრედიტაციის კიდევ ერთი მცდელობა.“

შესაბამისი პოსტი სალომე ზურაბიშვილის Facebook-ზე გავრცელდა.


მანამდე, პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. სასამართლომ ბიჭვინთის აგარაკების მესამე პირებისთვის გადაცემის აკრძალვის შესახებ კანონის გაუქმებას მხარი არ დაუჭირა. სალომე ზურაბიშვილმა დაწერა: „დამოუკიდებლობის მაგალითი აფხაზი მოსამართლეებისგან.“


„ქართული ოცნების“ წევრების შეფასებით, ზურაბიშვილმა თავისი ფეისბუკპოსტით აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლების მესამე შტო აღიარა.

„სრულიად აღმაშფოთებელია, როდესაც მთავარსარდალი, საქართველოს პრეზიდენტი პრაქტიკულად აღიარებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედი მარიონეტული რეჟიმის გაგრძელებას თუ დანამატს. რა მოსამართლეებზეა საერთოდ საუბარი და რა ხელისუფლებაზე. ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ჩვენს აფხაზეთში ვაღიარებთ მხოლოდ ჩვენი აფხაზი დების და ძმების ნებას, ისიც როდესაც ეს ემსახურება ერთიანი საქართველოს იდეას და ინტერესებს, სხვა შემთხვევაში მოვუწოდებდი საქართველოს პრეზიდენტს სასწრაფოდ გადახედოს საკუთარ ამ პოზიციას და წარდგეს განახლებული მიდგომით საზოგადოების წინაშე. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ეს გვაფიქრებინებს, რომ ეს არის ნაკარნახევი რბილი ძალით, ან კიდევ უმეცრებით, ერთიც და მეორეც იქნება ძალიან სამწუხარო ჩვენთვის,“ – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ოდიშარიამ.


ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სასამართლომ ბიჭვინთის აგარაკების მესამე პირებისთვის გადაცემის აკრძალვის შესახებ კანონის გაუქმებას მხარი არ დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაციას „ტელეგრამ“ არხი RESPUBLICA ავრცელებს.

„ჩვენი ინფორმაციით, ასლან ბჟანიას პირადი ინიციატივით, აფხაზეთის საკონსტიტუციო სასამართლოში ბიჭვინთის აგარაკების შესახებ ადრე მიღებული კანონის, რომელიც მესამე პირებზე გადაცემას ზღუდავს, გაუქმების მცდელობა იყო. ასლან ბჟანიას სამწუხაროდ, მოსამართლეთა უმრავლესობამ, თავმჯდომარის გარდა, ხმა მის წინააღმდეგ მისცა,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.


შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 27 დეკემბერს, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკების გადაცემის “შეთანხმების რატიფიცირება“ მოახდინა, რაც სხვადასხვა ობიექტის, მიწის ნაკვეთებისა და შენობების მესამე პირებისთვის გადაცემას კრძალავს. საერთაშორისო საზოგადოება ამ გადაწყვეტილებას არალეგიტიმურს უწოდებს და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს.