უკრაინას დღეს უნდა დავეხმაროთ, 2-3 წლის შემდეგ გვიანი იქნება. ამის შესახებ დანიის თავდაცვის მინისტრმა, ტროელს ლუნდ პოულსენმა კიევის უსაფრთხოების მე-16 ფორუმზე განაცხადა.
„რატომ ვარ დღეს აქ? რათა უკრაინის ხალხს ვესაუბრო და განვაცხადო, რომ იმდენ ხანს ვიქნებით აქ, რამდენიც საჭირო იქნება,” - განაცხადა პოულსენმა.
მან აღნიშნა, რომ NATO-ს ქვეყნები გრძელვადიან პერსპექტივაზე უნდა მუშაობდნენ, ვინაიდან, რუსეთის აგრესია მხოლოდ უკრაინას არ ეხება.
„რუსეთი არ გაჩერდება და სვლას გააგრძელებს. დღეს თუ არ ვიმოქმედებთ, ხვალ უკვე გვიანი იქნება. დღეს საკვანძო ფაქტორია დროის ფაქტორი. 2-3 წლის შემდეგ “გაღვიძება” უკვე გვიანი იქნება ყველა სხვა ქვეყნისთვის… რუსეთს უნდა ვაჩვენოთ, რომ მზად ვართ საკუთარი თავის დასაცავად,” - განაცხადა პოულსენმა.
მან NATO-ს ზოგიერთი ქვეყნის მიერ თავდაცვაზე არასაკმარისი თანხების გამოყოფასა და ევროპული სამხედრო-თავდაცვითი კომპლექსის პრობლემებზე ისაუბრა, კერძოდ, საარტილერიო ჭურვების წარმოების პრობლემებზე და დასავლეთის ქვეყნებს თავდაცვაში ინვესტიციების გაზრდისკენ მოუწოდა.