„აბსურდულია რუსული სპეცსამსახურების ვერსიები უკრაინასთან დაკავშირებით“ - პოდოლიაკი მოსკოვთან თავდასხმაზე

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური (FSB) ამტკიცებს, რომ „მოსკოვის თავდასხმაში მონაწილე ტერორისტები უკრაინის საზღვრის გადაკვეთას გეგმავდნენ და მათ ჰქონდათ „კონტაქტები“ საზღვარზე. ამ განცხადებას უკრაინა გამოეხმაურა, რომელმაც თავიდანვე უარყო რაიმე კავშირი მოსკოვთან მომხდარ თავდასხმასთან.


რუსული სპეცსამსახურების ვერსიები უკრაინასთან დაკავშირებით, აბსოლუტურად დაუსაბუთებელი და აბსურდულია,“ - ამბობს მიხაილო პოდოლიაკი სოციალურ პლატფორმა X-ზე განთავსებულ პოსტში.


FSB-მ განაცხადა, რომ დამნაშავეებმა სცადეს გაქცევა, როდესაც მანქანით მიემგზავრებოდნენ რუსეთ-უკრაინის საზღვრისკენ. „კრიმინალები აპირებდნენ რუსეთ-უკრაინის საზღვრის გადაკვეთას და შესაბამისი კონტაქტები ჰქონდათ უკრაინის მხარეს," ამბობს რუსეთის უსაფრთხოების სამსახური დეტალების დაკონკრეტების გარეშე. ზოგიერთმა რუსმა დეპუტატმა, ისევე როგორც ყოფილმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა, მტკიცებულებების გარეშე ასევე ისაუბრა მომხდართან უკრაინის შესაძლო კავშირებზე.

Crocus City Hall-ში მომხდარი თავდასხმის შემდეგ სულ მცირე 115 ადამიანი დაიღუპა.


რუსეთში აშშ-ის საელჩო და გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ მოქალაქეებს მოსკოვში შესაძლო ტერაქტების შესახებ აფრთხილებდნენ.

შესაბამისი განცხადება 7 მარტს გავრცელდა. რუსეთში შესაძლო ტერაქტების შესახებ, მოქალაქეებს გერმანია და ლატვიაც აფრთხილებდნენ.