ლევან მურუსიძე: მე ვარ კეთილსინდისიერი მოსამართლე

სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ლევან მურუსიძის განცხადებით, წლების განმავლობაში მიმდინარეობს სასამართლო სისტემის დისკრედიტაცია და მოსამართლეების დევნა, რომ სასამართლო სისტემიდან მოსამართლეები “გაყარონ.“ მისი შეფასებით, ე.წ. ვეთინგი არ ეხება კეთილსინდისიერებას.


„წლების განმავლობაში მიდის სასამართლო სისტემის დისკრედიტაცია, პირდაპირ მოსამართლეების დევნა, დემონიზაცია, ანუ ქმნიან ნოყიერ ნიადაგს იმისთვის, რომ მოხდეს სასამართლო სისტემიდან მოსამართლეების გაყრა. ვინც გამოდის და ამბობს, რომ ქვეყანას არ აქვს სასამართლო სისტემა და ესენი არიან კორუმპირებულები, სპეციალურად ქმნიან ამ აჟიოტაჟს და ამ საფუძველს, ზუსტად ეს ადამიანები ცდილობენ, რომ სასამართლო სისტემა დაიქვემდებარონ.

მე ვარ კეთილსინდისიერი მოსამართლე. მოვუწოდებ ყველას, პოლიტიკოსები იქნებიან თუ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ზუსტად იმაზე რომ არის საუბარი, რომ აქ არავინ აპირებს კეთილსინდისიერების შემოწმებას, ჩანს, რომ ძალიან ბევრ მოსამართლეს წინასწარ გამოუტანეს განაჩენი.


ხომ შეიძლება, ჩატარდეს „ვეთინგი“ და გავიაროთ ეს კეთილსინდისიერების ტესტი?! წინასწარ როდესაც აცხადებ, რომ სასამართლო სისტემაში არიან კორუმპირებულები, წინასწარ გაქვს უკვე გამოთქმული მოსაზრება და მიზანმიმართულად ამბობს, რომ ეს მოსამართლეები არიან გასაყრელი სასამართლო სისტემიდან, აქედან გამომდინარე, შენ ის არ გაინტერესებს,“ - განაცხადა მურუსიძემ.


მას მიაჩნია, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება ე.წ. ვეთინგის განხორციელებას არ უკავშირდება.

„მიმაჩნია, რომ საქართველო აუცილებლად უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი. საქართველომ სწორი გზით უნდა იაროს, სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი, ჩემი აზრით, ეს არავითარ შემთხვევაში არ ეხება ევროკავშირში გაწევრიანებას, ვინაიდან, ალბანეთი, რომელშიც დაინგრა სასამართლო სისტემა „ვეტინგის“ საშუალებით, დღესაც არ არის ევროკავშირის წევრი. ამიტომ, ამ საკითხთან დაკავშირებით პირდაპირ კავშირს ვერ ვხედავ,“ - განაცხადა მურუსიძემ.


24 მარტს, საქართველოს მოსამართლეთა XXXII კონფერენციაზე, სასამართლოს ირგვლივ განვითარებული მოვლენების განხილვის გარდა, ასევე უნდა აირჩიონ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი/წევრები, ხმის დამთვლელი კომისიის, საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის მოსამართლე წევრი/წევრები; საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის წევრი/წევრები, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი.