პოლონეთი და ჩეხეთი რუსული ჯაშუშური ქსელის საქმიანობას იძიებენ

რუსეთის სასარგებლოდ სავარაუდო ჯაშუშური საქმიანობის შესახებ, რომელიც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და მისი უწყებების წინააღმდეგ იყო მიმართული, პოლონეთის უსაფრთხოების სააგენტოს (ABW) თანამშრომლებმა ჩხრეკა ჩაატარეს.


„პრორუსული ინიციატივებისა და მედიაკამპანიების ორგანიზებისკენ მიმართული ქმედებები ევროკავშირის ქვეყნებში დოკუმენტირებულია,“ - ნათქვამია ABW-ის (პოლონეთის უსაფრთხოების სააგენტო) განცხადებაში, რომელსაც Reuters-ი ციტირებს. კერძოდ, ნახსენებია ინტერნეტპორტალი voice-of-europe.eu, რომელიც, სავარაუდოდ, პრორუსულ მასალებს აქვეყნებდა.


ქსელის მიზანი იყო „პოლონეთის პოზიციების შესუსტება“

„ქსელის მიზანი ასევე იყო უკრაინის დისკრედიტაცია და ევროკავშირის ინსტიტუტების რეპუტაციის შელახვა, განუმარტა ABW-ს სპიკერმა AFP-ს.

სადაზვერვო სამსახურის ინფორმაციით, ჩხრეკა ამ კვირის დასაწყისში, ვარშავასა და სამხრეთ პოლონეთის ქალაქ ტიჩიში ჩატარდა. დამატებითი დეტალები ჩხრეკის შესახებ არ გასაჯაროებულა. ოპერაცია კოორდინირებული იყო სხვა ქვეყნებთან, კერძოდ, ჩეხ პარტნიორებთან.

ABW-ის ქმედებები მიმდინარე წლის იანვარში დასრულებული გამოძიების შედეგი იყო, რომლის დროსაც, ბრალი წაუყენეს პოლონეთის მოქალაქეს, რომელიც რუსული სპეცსამსახურების სასარგებლოდ ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი.


„რუსული გავლენის ოპერაცია“ ჩეხეთში

28 მარტს ჩეხეთის მთავრობამ პრორუსული უკრაინული პარტიის "ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის" ყოფილ ლიდერს ვიქტორ მედვედჩუკს სანქციები დაუწესა. ჩეხეთის მთავრობის ცნობით, მედვედჩუკი „მართავს ჩეხეთის რესპუბლიკაში რუსული გავლენის ოპერაციას რუსეთის ფედერაციიდან“, რომლის მიზანია, „დაარღვიოს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი და თავისუფლება“. ამ „ოპერაციის“ განსახორციელებლად მედვედჩუკი იყენებს კომპანია „ევროპის ხმას“, სადაც მუშაობს მისი ახლო თანამოაზრე არტემ მარჩევსკი. ჩეხეთის სანქციების სიაშია მარჩევსკი, ასევე - „ევროპის ხმა“, რომელიც ამავე სახელწოდების პორტალს ფლობს.