ერდოღანმა დამარცხება აღიარა - თურქეთის დიდ ქალაქებში ოპოზიციამ გაიმარჯვა

თურქეთში მუნიციპალური არჩევნების წინასწარი შედეგებით, ოპოზიციის კანდიდატებმა პრაქტიკულად, ყველა დიდ ქალაქში გაიმარჯვეს. პრეზიდენტმა ერდოღანმა თავისი „სამართლიანობის და განვითარების პარტიის“ მარცხი აღიარა. სტამბოლში ერდოღანის პარტიას წინა მუნიციპალური არჩევნების შედეგად დაკარგული პოზიციების აღდგენა სურდა, თუმცა ეს ვერ შეძლო.


სტამბოლის მოქმედმა მერმა, „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ კანდიდატმა ექრემ იმამოღლუმ ხმების 51%-ზე მეტით თანამდებობა შეინარჩუნა. დახლოებით 39% მიიღო „სამართლიანობის და განვითარების პარტიის“ კანდიდატმა მურატ ქურუმმა. ოპოზიციის კანდიდატი, მოქმედი მერი მანსურ იავასი ლიდერობს დედაქალაქ ანკარაშიც.

მუნიციპალური არჩევნების წინასწარი შედეგებით, თურქეთის დედაქალაქ ანკარაში ხმების 60%-ზე მეტით გაიმარჯვა მოქმედმა მერმა, „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ კანდიდატმა მანსურ იავაშმა. მის კონკურენტს ერდოანის პარტიიდან თურგუტ ალტინოკს ხმა მისცა დაახლოებით 32%-მა. არჩევნების წინასწარი შედეგებით, პრეზიდენტ ერდოანის ოპოზიციაში მყოფი „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ კანდიდატები მერის არჩევნებში ლიდერობენ 20-ზე მეტ დიდ ქალაქში, მათ შორის იზმირსა და ანტალიაში.


BBC-ი წერს, რომ არჩევნების შედეგები მნიშვნელოვანი დარტყმაა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანისთვის, რომელიც იმედოვნებდა, რომ მისი პარტია ქალაქებზე კონტროლს დაიბრუნებდა.


ერდოღანმა აღიარა, რომ მისმა პარტიამ ვერ მიაღწია იმ შედეგს, რისი სურვილი და იმედიც ჰქონდა.

„შედეგების მიუხედავად, ამ არჩევნებში გამარჯვებული ჩვენი დემოკრატია და ეროვნული ნებაა. თურქმა ხალხმა საარჩევნო ყუთი პოლიტიკოსებისთვის თავისი გზავნილების გადასაცემად გამოიყენა. ჩვენი პარტია ყოველთვის დემოკრატიისა და საარჩევნო ყუთის მხარესაა. დღეს ჩვენ ვმოქმედებთ იგივე პასუხისმგებლობის გრძნობით და არ ვაღიარებთ არანაირ ძალაუფლებას ერის ნებაზე მაღლა. ჩვენ არ გამოვიჩენთ უპატივცემულობას ჩვენი ერის გადაწყვეტილების მიმართ და არ ვიმოქმედებთ ეროვნული ნების საწინააღმდეგოდ.“

„ჩვენს პარტიაში ღიად შევაფასებთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს და თვითკრიტიკაში ჩავერთვებით“, - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.


არჩევნებში მონაწილეობის უფლება დაახლოებით 61 მილიონ თურქს ჰქონდა. ქვეყნის 81 პროვინციაში ამომრჩეველთა აქტივობამ 77%-ს გადააჭარბა. მუნიციპალური არჩევნები 31 მარტს ჩატარდა. ერდოღანი თურქეთის პრეზიდენტია 2014 წლიდან. მანამდე ის ათი წლის განმავლობაში ერდოანი თურქეთის პრემიერ-მინისტრი იყო.