სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა განაცხადა, რომ ერევანი ევროკავშირთან და შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაღრმავებისკენ მიისწრაფვის პორტალ Todos Noticias-თან ინტერვიუში მირზოიანმა განაცხადა, რომ სომხეთს სურს, გააძლიეროს დემოკრატიული ინსტიტუტები.
„ჩვენ ვხედავთ, რომ, მაგალითად, შეერთებული შტატები და ევროკავშირი მთავარი პარტნიორები არიან. ჩვენ ასევე დავინახეთ, რომ ევროკავშირი მზად იყო, გამოეგზავნა სამოქალაქო მისია და საზღვარზე ვითარება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, მათი ყოფნა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მშვიდობას რეგიონსა და სომხეთის ნაწილში. ახლა ჩვენ ვაღრმავებთ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ურთიერთობებს ბრიუსელთან და ვაშინგტონთან. ჩვენ ვცდილობთ ჩვენი უსაფრთხოებისა და განვითარების დემოკრატიული გზით და ინსტიტუტებით უზრუნველყოფას და ვხედავთ, რომ ამისთვის დასავლეთში კარგი პარტნიორები არიან,“ - განაცხადა მირზოიანმა.
სტოლტენბერგის ვიზიტი სომხეთში - „სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობა NATO-სთვის მნიშვნელოვანია,“ ამ გზავნილით აღწერს ალიანსი სომხეთში ვიზიტს.
ორი კვირის წინ, სამხრეთ კავკასიაში ტურნეს ფარგლებში, ეს იყო სტოლტენბერგის პირველი ვიზიტი მას შემდეგ, რაც სომხეთმა NATO-სთან უფრო დაახლოების სურვილი დააფიქსირა.
მოსალოდნელია, რომ ერევანი ალიანსის ახალ პროგრამებში ჩაერთვება, თუმცა „გაწევრიანება დღის წესრიგში არ არის.“
აღსანიშნავია, რომ ერევანმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვების სურვილიც ღიად დააფიქსირა.
მიუხედავად იმისა, რომ სომხეთი რუსეთი მოკავშირედ რჩება, მან არაერთხელ განაცხადა, რომ არ უჭერს მხარს მოსკოვის მიერ წარმოებულ ომს უკრაინაში და კიევში ჰუმანიტარული დახმარებაც გაგზავნა, რამაც რუსეთის გაბრაზებაც გამოიწვია. ერევანში ვიზიტისას კი, სტოლტენბერგმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი უკრაინის მიმართ „სოლიდარობის“ გამო შეაქო. ბოლო პერიოდში ერევანი ასევე ხშირად მიუთითებდა, რომ უსაფრთხოების სფეროში რუსეთზე დამოკიდებულება შეცდომა იყო.
NATO-ს ცნობით, სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის შესახებ საუბრისას, გენერალურმა მდივანმა მოუწოდა სომხეთსა და აზერბაიჯანს, მიაღწიონ შეთანხმებას ურთიერთობების ნორმალიზაციისა და გრძელვადიანი მშვიდობისთვის გზაზე.
- „ეს მნიშვნელოვანია ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის, რადგან ჩვენ უფრო სახიფათო სამყაროს წინაშე ვდგავართ,” - ხაზგასმით აღნიშნა მან და გაიმეორა, რომ ”NATO მხარს უჭერს სომხეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მის მშვიდობიან მისწრაფებებს.”
ვიზიტის დროს გენერალურმა მდივანმა ისაუბრა სომხეთის რეფორმების პროგრესზე.
„თქვენ ასევე აჩვენეთ რეალური ვალდებულება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, თქვენი დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისა და კანონის უზენაესობის დაცვის მიმართ,” - აღნიშნა სტოლტენბერგმა.