თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სატელეფონო საუბარი გამართა ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრ მარკ რუტესთან, რომლის დროსაც, NATO-ს ახალი გენერალური მდივნის არჩევის პროცესი განიხილეს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა.
თურქეთი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის, რომელიც შეიძლება, იენს სტოლტენბერგის შემცვლელად რუტეს დამტკიცებისთვის დაბრკოლება გახდეს. სატელეფონო საუბრისას ერდოღანმა განაცხადა, რომ ახალმა გენერალურმა მდივანმა „უკეთესად უნდა ემსახუროს“ ალიანსის წევრების უსაფრთხოებასა და ინტერესებს ტერორიზმთან და სხვა გამოწვევებთან ბრძოლაში, ასევე, უნდა გააძლიეროს ალიანსის ერთიანობა და უპირატესობა მიანიჭოს NATO-ს ძირითად როლს.
„ერდოღანმა აღნიშნა, რომ ამ პრინციპების გათვალისწინებით, თურქეთი მიიღებს გადაწყვეტილებას ამ საკითხზე (ახალი გენერალური მდივნის არჩევა - რედ.) სტრატეგიული სიბრძნისა და სამართლიანობის ფარგლებში,“ - ნათქვამია ოფისის განცხადებაში.
ბოლო დროს არაერთი დედაქალაქიდან მიიღეს სიგნალები, რომ მხარს უჭერენ რუტეს კანდიდატურას ალიანსის გენერალური მდივნის პოსტზე. მათ შორისაა ისეთი ძირითადი სახელმწიფოები, როგორიცაა, აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია.