საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, „ქართულმა ოცნებამ“ თავისი სახე გამოაჩინა. სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, დღეს უკვე ყველაფერი ნათელია - „ოცნებამ“ თავისი განაცხადი გააკეთა: ევროპას უთხრა - არა.
„ყველაზე მოსალოცი ის არის, რომ დაამთხვიეთ რუსული კანონის (ბოდიში ბატონ პაპუაშვილთან, რომ ამ ტერმინს ვიყენებ) ინიცირება იმ კვირას, რომელიც 9 აპრილამდე მიდის და რომელიც საქართველოს უახლესი ისტორიისთვის ყველაზე დატვირთულია ეროვნული სულისკვეთებით, მაგრამ ეს ხომ თქვენ არ გაგაჩნიათ. არც ეროვნული და არც ევროპული. დღეს ეს ორი მცნება ერთად არის და მათი გამიჯვნა შეულეებელია.“
პრეზიდენტის თქმით „ევროპიდან მივიღეთ ერთგვარი ავანსი და დღეს „ოცნება“ არის დაკავებული ამ ჩვენი გზის და მომავლის საბოტაჟით.“
„არა და არა - ცხადია, დეპოლარიზაციას. რამეთუ პირიქით, გამწვავებისკენ იწვევენ მთელ საზოგადოებას, ამას ემსახურება ყველა ინიცირებული კანონი, ეს იქნება პროვოკაციული ლგბტ-ზე თუ დღეს, რუსული კანონის მეორედ შემოტანა. ვითომც და ისტორიაში ყველაფერი მეორდება.
ეს ყველაფერი პირდაპირი გამოწვევაა საკუთარი ხალხის, ამავე დროს ჩვენი პარტნიორების, რომლებმაც ავანსად მოგცეს კანდიდატის სტატუსი. ჩვენგან ელოდებიან გულწრფელ გამოხატულებას იმისას, რომ ამ გზაზე მივდივართ, არსებობს პოლიტიკური ნება ამ გზაზე სიარულისა.
რას ემსახურება გამოწვევა? არეულობა გამოიწვიოს, დესტაბილიზაცია და ყველა მოინათლოს რადიკალად, უცხოეთის აგენტად, ომის პარტიის მომხრედ და ასე შემდეგ. ეს ძალიან ცნობილი ხერხებია, ზოგიერთ ჩვენგანს გავლილი აქვს ბევრი წლის წინ, არაფერი ახალი არ არის ცის ქვეშ. ამიტომ, საზოგადოება მომზადებულია ამ ყველაფრისთვის, ვერავინ გადაახვევინებს თავის გზიდან,“ - აღნიშნა პრეზიდენტმა.
როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი ჩააგდეს.