რუმინეთის ბუნებრივი გაზის უმსხვილესი მწარმოებელი Romgaz და აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია (SOCAR) კონსტანცის პორტში, ტერმინალის მშენებლობაში ინვესტიციის განხორციელებას გეგმავენ. ამის შესახებ რუმინეთის ენერგეტიკის მინისტრმა სებასტიან-იოან ბურდუჯამ განაცხადა.
ბაქოში საქმიანი ვიზიტის დროს აზერბაიჯანელ კოლეგასთან პარვიზ შაჰბაზოვთან შეხვედრისას ბურდუჯამ აღნიშნა, რომ Romgaz-ისა და SOCAR-ის მიერ კონსტანცის პორტში გათხევადებული ბუნებრივი გაზის (LNG) ტერმინალის მშენებლობის ერთობლივი პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა დასრულდა.
მან ასევე აღნიშნა, რომ შავ ზღვაში LNG ტერმინალის მშენებლობაში ინვესტიციების შესახებ, 2022 წელს Romgaz-მა (მემორანდუმი) SOCAR-თან ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმა.
პროექტი მოიცავს LNG ტერმინალის და რეგაზიფიკაციის ტერმინალის, ასევე, სხვა ობიექტებისა და სტრუქტურების მშენებლობას, რომლებიც საჭიროა კასპიის რეგიონიდან რუმინეთში გაზის ტრანსპორტირებისთვის.
Romgaz-მა და SOCAR-მა ცოტა ხნის წინ დაასრულეს ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა: შედეგები დადებითია და საჭირო თანხები გამოიყოფა შავი ზღვის LNG ტერმინალის დაფინანსებისთვის.
აღსანიშნავია, რომ ამ პროექტს ოდესღაც AGRI (აზერბაიჯანი-საქართველო-რუმინეთის ურთიერთდაკავშირების პროექტი) ერქვა. პროექტის მიზანია აზერბაიჯანული გაზის ევროპის ბაზარზე გატანა საქართველოსა და შავი ზღვის გავლით.
პირველ ეტაპზე გაცხადებული იყო რომ: AGRI-ს პროექტის აქციონერები იყვნენ SOCAR (აზერბაიჯანი-25%), GOGC (საქართველო-25%), ROMGAZ (რუმინეთი-25%) და MVM (უნგრეთი-25%).
მინისტრმა განაცხადა, რომ რუმინეთმა გამოავლინა მზადყოფნა კონსტანცის პორტში ტერმინალის მშენებლობის დასაფინანსებლად: „მიმდინარე წლის ბოლომდე დადგინდება პროექტის კომპანიის სტრუქტურა და საჭირო დაფინანსება. რუმინეთისთვის ინვესტიცია გააძლიერებს ჩვენს, როგორც ენერგეტიკული ცენტრის პოზიციას, ხოლო ევროპისთვის ეს იქნება რუსული გაზის ახალი ალტერნატივა.“
ცნობისთვის, იულიან კიფუ, რუმინეთის პრემიერ-მინისტრის უკვე ყოფილი მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში, Europetime-თან საუბრობდა : რა თქმა უნდა, თუ ტრანსკასპიურ მილსადენს (ეს მილსადენი უზრუნველყოფს ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებას თურქმენეთიდან და ყაზახეთიდან აზერბაიჯანის გავლით თურქეთსა და საქართველოში და შემდეგ ევროკავშირის ქვეყნებში) ავაშენებთ, ეს კარგი იქნება, თუმცა მისი განხორცილება ნამდვილად დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე. მათ შორის არის არამხოლოდ თურქმენეთისა და აზერბაიჯანის საზღვრების დელიმიტაციის საკითხი, არამედ კასპიის ზღვის წესები. ვსაუბრობთ რა მის როგორც სრულად მულტიმოდალურობაზე, ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ბიძგს მისცემს ბათუმი-კონსტანცის პროექტს, რომელიც ჩვენ რამდენჯერმე ავამოქმედეთ და რომელსაც სამწუხაროდ, არ აქვს მხარდაჭერა...
ამრიგად, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ყოველთვის ვეძებთ გზებს მის განსახორციელებლად. განსაკუთრებით ენერგეტიკის სფეროში ამას ჯერ თურქმენეთისთვის და შემდეგ კი, რა თქმა უნდა, ყაზახეთისთვის დამატებითი ღირებულება აქვს. ყაზახეთისთვის ის არის დიდი პრობლემა, რომ გააჩნიათ ნავთობი და გაზი, მაგრამ შეზღუდული ექსპლუატაციის შესაძლებლობით, რადგან მას რუსეთი ყიდულობს და არ აქვთ ტრანსკასპიური სიმძლავრე/მოცულობა. ასე რომ, ძირითადად, ამიტომ ვართ აქ.“
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი მიმდინარე წლის დასაწყისში აცხადებდა, რომ შავი ზღვა ეკონომიკური ჩართულობისთვის აქტიური ზონა გახდება. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში საქართველოზე და ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის მიერ საზღვაო ბაზის მშენებლობის გეგმაზე, ამერიკის ხმის მიერ დასმულ შეკითხვას უპასუხა.
მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსა და რუმინეთს შორის გათხევადებული გაზის ტრანსპორტირება მოხდება. ასევე იქნება რამდენიმე წყალქვეშა კაბელი ელექტროენერგიისთვის, კომუნიკაციებისთვის და ასე შემდეგ. ჯეიმს ო'ბრაიენმა აღნიშნა, რომ აშშ შავი ზღვის რიგ პროექტებზე ევროკავშირთან ერთად იმუშავებს.
დაფინანსების წყაროებზე სასაუბროდ, მომავალ კვირას, ბრიუსელში, საერთაშორისო საინვესტიციო ინსტიტუტების (EBRD,EIB) მონაწილეობით, კონფერენცია გაიმართება. ო'ბრაიენი ევროკავშირთან პარტნირობას ხაზს უსვამს.
„ჩვენ კვლავ ვიმუშავებთ ევროკავშირთან, რადგან ეს არის ფუნდამენტური პარტნიორობა,“ აღნიშნავს ჯეიმს ო'ბრაიენი და ხაზს უსვამს, რომ შავი ზღვა ეკონომიკური ჩართულობისთვის იმაზე აქტიური და მნიშვნელოვანი ზონა გახდება, ვიდრე ეს მანამდე იყო.
„ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს ყველაფერი დაცულია და უნდა დავრწმუნდეთ, რომ ამ ფართო სპექტრის ქვეყნებში ჩართულობის წესები ყველასთვის გასაგებია, მათ შორის, რუსეთისთვის. ჩვენ ამას გავაკეთებთ საქართველოსთან ერთად.“
AGRI-ს პროექტი საქართველოს შავი ზღვისპირეთის გავლით რუმინეთის, უნგრეთისა და სხვა აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნებისთვის კასპიის რეგიონიდან გათხევადებული გაზის მიწოდებას ისახავს მიზნად.