პარლამენტმა ქალთა კვოტირების გაუქმების შესახებ სადავო კანონი მიიღო

საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები. ქალთა კვოტირების გაუქმებას დღევანდელ, 4 აპრილის სხდომაზე მხარი დაუჭირა 85-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი 22 იყო.

შედეგად, გაუქმდება საქართველოს „საარჩევნო კოდექსის“ 203-ე მუხლი, რომელიც პარტიებს ავალდებულებს, საპარლამენტო არჩევნების სიაში, სულ მცირე ყოველ მეოთხე ადამიანად ჩაწეროს ქალი.


დოკუმენტის ასამოქმედებლად საქართველოს პრეზიდენტის ხელმოწერაა საჭირო. ვეტოს შემთხვევაში დოკუმენტი განსახილველად კვლავ პარლამენტში დაბრუნდება. მმართველ პარტიას საქართველოს პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ხმების საკმარისი რაოდენობა აქვს.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ. პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ.


პარტია „გირჩის“ საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც პარტიულ სიაში ქალთა კვოტირების გაუქმებას ითვალისწინებს, პარლამენტმა 3 აპრილს პირველი მოსმენით - 82 ხმით, 15-ის წინააღმდეგ მიიღო. პირველ აპრილს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე „საარჩევნო კოდექსში" ცვლილებების შეტანის შესახებ „გირჩის“ კანონპროექტი დარეგისტრირდა.