რა ინფორმაციას ფლობს NATO-ს დაზვერვა რუსეთის მხრიდან უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეტევის შესაძლებლობაზე

დიდი მობილიზაციის გარეშე, რუსეთი ვერ შეძლებს განახორციელოს რაიმე ფართომასშტაბიანი შეტევითი ოპერაცია უკრაინაში, განუცხადა NATO-ს მაღალჩინოსანმა მედიას ბრიუსელში, ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შეფასებით, რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი შეეცდება, გადადოს მობილიზაციის მორიგი ტალღის გამოცხადება. ოფიციალური პირის მიერ მოყვანილი მონაცემების თანახმად, რუსეთს ახლა შეუძლია, დაიქირაოს დაახლოებით 30 000 დამატებითი ჯარისკაცი თვეში, რომელიც საჭიროა დანაკარგების კომპენსაციისთვის და შეტევითი ოპერაციების შესანარჩუნებლად. მან ასევე აღნიშნა პუტინის მიერ ახლახან ხელმოწერილი განკარგულება სამხედრო გაწვევის შესახებ.


მისივე თქმით, რუს სამხედროებს ამისთვის ჯერ კიდევ არ აქვთ საბრძოლო მასალა და მანევრირებადი დანაყოფები.

„ისინი დიდი ალბათობით გააგრძელებენ თავდასხმებს, რომლებიც მიზნად ისახავს უკრაინის შეიარაღებული ძალების დასუსტებას,“ ამბობს ალიანსის ოფიციალური პირი.


ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დაზვერვის მონაცემებით, რუსეთის არმიის ადგილობრივ სარდლობას ჯერ კიდევ არ შეუძლია ადგილზე კომპლექსური ოპერაციების ორგანიზება და ვეღარ ახერხებს სამხედრო პერსონალის მორალის შენარჩუნებას. ამავდროულად, რუსეთს რჩება მნიშვნელოვანი უპირატესობა, რაც გამოიხატება უკრაინის ცოცხალ ძალაში, საბრძოლო მასალის რაოდენობასა და აღჭურვილობაში.


ამავდროულად, NATO ამჟამად ვერ ხედავს იმის ნიშნებს, რომ რუსეთის ხელისუფლება ფართომასშტაბიან მობილიზაციას ამზადებს. დასავლური დაზვერვა თვლის, რომ პრეზიდენტ პუტინს ახლა „ბევრი სხვა პრობლემა აქვს ქვეყნის შიგნით და ამიტომ უნდა „განაგრძოს არჩევნების შემდეგ ძლიერებისა და ნდობის დემონსტრირება, მისი გადმოსახედიდან.“ ამ დროისთვის რუსეთის ხელისუფლებას სურს, შემოიფარგლოს რეგულარული გაწვევის კამპანიით,“ აღნიშნა წყარომ.


მანამდე ბრიტანულმა დაზვერვამ გამოთქვა მოსაზრება, რომ რუსეთში სამხედრო აღრიცხვისა და მსგავს დაწესებულებებზე თავდასხმების რაოდენობის ზრდა შეიძლება, მიუთითებდეს უნდობლობაზე პუტინის დაპირებისადმი, რომ არ განახორციელებს მობილიზაციის ახალ ტალღას.

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თებერვალში განაცხადა, რომ რუსეთი გაზაფხულზე ან ზაფხულის დასაწყისში უკრაინაში შეტევისთვის ემზადება.