რომის საპიენცის უნივერსიტეტის წარმომადგენლის და გეოპოლიტიკოს ვალენტინა ჩაბერტის შეფასებით, აზერბაიჯანი შუა დერეფანს განიხილავს, როგორც შესაძლებლობას, გააძლიეროს აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სამკუთხედი, დააბალანსოს სომხეთ-რუსეთი-ირანის ღერძი.
მისი თქმით, აზერბაიჯანი და ყაზახეთი იყვნენ მთავარი დაინტერესებული მხარეები, რომლებიც წინ უძღვებოდნენ ინვესტიციებს და ინსტიტუციონალურ თანამშრომლობას, რათა გამოეყენებინათ შუა დერეფნის პოტენციალი უკრაინის ომის დაწყების შემდეგ.
„ბაქომ მილიონობით დოლარი გამოყო ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ქართული მონაკვეთის სატრანსპორტო გამტარუნარიანობის გასაუმჯობესებლად, მშენებლობის ფაზების დასრულების შემდეგ ალათის პორტში ტვირთის მზარდი მოცულობის უკეთ დამუშავების მიზნით. 2023 წლის ივნისში აზერბაიჯანმა და ყაზახეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ერთობლივი ლოგისტიკური კომპანიის შექმნის შესახებ, რომელიც ზედამხედველობას გაუწევს ტარიფების გაერთიანებას, ტრანზიტის პროცედურების გამარტივებასა და ტრანსკასპიის მარშრუტზე ტვირთების გადაზიდვას,“ აღნიშნა ვალენტინა ჩაბერტმა.