კახა გოგოლაშვილი განმარტავს, რა უარყოფითი შედეგი შეიძლება, მოჰყვეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღებას

„რონდელის ფონდის“ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილ ი განმარტავს, რა უარყოფითი შედეგი შეიძლება, მოჰყვეს  „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღებას.


მის მოსაზრებას უცვლელად გთავაზობთ:

„შესაძლებელია თუ არა, რომ ჩამოგვერთვას ევროკავშირის წევრობის კანდიტატის სტატუსი?„

„დიახ, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ასეთი პრეცედენტი არ ყოფილა, ასეთ შესაძლებლობას იძლევა ევროკავშირის გაფართოების შესახებ ახალი მეთოდოლოგია, რომელიც 2020 წელს დამტკიცებულ ევროკომისიის კომუნიკაციაში აისახა.

კერძოდ, კომუნიკაცია ბალკანეთის ქვეყნების გაწევრიანების პროცესს ეხება და დეტალურად აღწერს როგორც რეფორმებში დაწინაურებული ქვეყნების წახალისებას (დამატებითი ფინანსური მხარდაჭერა, ან სხვა სახის შესაძებლობები) ასევე, იმ ქვეყნების "დასჯას" რომლებიც სისტემურ უკუსვლას განიცდიან, განსაკუთრებით, ადამიანის უფლებებისა და დემეკრატიული განვითარების საქმეში.


როგორ შეიძლება "დაისაჯოს" ქვეყანა?

კომუნიკაცია პირდაპირ სთავაზობს, რომ უბრალო უმრავლესობით კენჭისყრის საფუძველზე ასეთ ქვეყანას დაუწესდეს სანქციები - შეუმცირდეს დახმარება, შეჩერდეს მასთან მიმდინარე მოლაპარაკებები ან მძიმე შემთხვევაში სრულიად გაუქმდეს ის. ამ დრომდე მოლაპარაკებების გაუქმების პრეცედენტს ადგილი არ ჰქონია.

მაგალითად, თურქეთთან მოლაპარაკებები შეჩერებულია 2015 წლიდან, მაგრამ არა  - გაუქმებული. ევროკომისიის აღნიშნული კომუნიკაცია შეგიძლიათ, იხილოთ შემდეგ ბმულზე (შესვლის შემდეგ, თუ პრესრელიზზე მეტად დეტალური ინფორმაცია გაინტერესებთ შეგიძლიათ, იქვე ჩამოტვირთოთ ევროკომისიის აღნიშნუკლი კომუნიკაცია).


აღნიშნული ცვლილება უდაოდ შეიძლება იყოს გამოყენებული ასევე კანდიდატის სტატუსის "გაუქმების" მიზნითვისაც. თუმცა ეს არ არის დაკონკრეტებული კომუნიკაციაში, მაგრამ მხოლოდ ჩანაწერის ინტერპრეტაციის საკითხია და ისეთი ნორმის არ არსებობის პირობებში, რომელიც კანდიდატის სტატუსის გაწვევას აკრძალავდა, პოლიტიკური ნება ყველაფერს გადაწყვეტს.

თუ "რევერსის" შესაძლებლობა დაშვებულია უფრო მაღალი სტატუსის (მოლაპარაკებების) მიმართ, მიდგომა შესაძლოა, გავრცელდეს უფრო დაბალი სტატუსის მიმართაც. მართალია, ეს უკიდურესი ზომაა, მაგრამ არ ღირს ასეთი შესაძლებლობის გამორიცხვა.

საქართველო, რომელსაც კანდიდატის სტატუსი მიეცა გარკვეული პირობებით (9 ნაბიჯი), ამ პირობების შეუსრულებლობისა და რეფორმების უკუსვლის შემთხვევაში, შესაძლოა, გახდეს ევროკავშირის მხრიდან უპრეცენდენტო გადაწყვეტილების პირველი მსხვერპლი, კერძოდ კი ჩამოერთვას კანდიდატის სტატუსი.  ვიმეორებ, რომ ეს თეორიული შესაძლებლობაა, მაგრამ შედეგი სრულად არის დამოკიდებული იმაზე, როგორ პოლიტიკურ ნებას გამოავლენენ ევროკომისია და ევროკავშირის წევრი ქვეყნები. საჭიროა ასევე ვიცოდეთ, რომ ასეთი "რევერსისთვის" გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისია 27 წევრი ქვეყნიდან მხოლოდ 14 წევრის მიერ მხარდაჭერა, ანუ უბრალო უმრავლესობა,“ წერს ექსპერტი Facebook-ზე გამოქვეყნებულ მოსაზრებაში.


როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს.