22 ევროპარლამენტარი ერთობლივ წერილს აქვეყნებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ევროკავშირისკენ გზაზე საქართველოს მხრიდან რეგრესიული პროცესების შემთხვევაში, ევროკომისიამ გაფართოების პროცესს უნდა გადახედოს. განცხადების ხელმომწერები არიან ევროპარლამენტარები: პეტრას აუსტრევიჩუსი, მირიამ ლექსმანი, სვენ მიქსერი, ვიოლა ფონ კრამონი, ანა ფოტიგა, ანდრიუს კუბილიუსი, კარინ კარლსბრო, ფრანსუა თიოლე, კატალინ ჩე, ანა ჯულია დონათი, ანდრეი კოვაჩევი, ჰილდე ვაუტმანსი, მიჰაელა შოიდროვა, მაიკლ გალერი, რეინჰარდ ბუტიკოფერი, რამონა სტრუგარიუ, იოზეფ მიჰალი, მარეკ პაველ ბალტი, რასა იუკნევიჩიენე, ატილა არა-კოვაჩი, ნაჩო სანჩეზ ამორი და ისაბელ სანტოსი.
„ჩვენ, ხელმომწერი ევროპარლამენტარები, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ მმართველი „ქართული ოცნების” პარტიის მიერ “უცხოურ აგენტებზე” კანონის დაბრუნების განზრახვასთან დაკავშირებით, რომელიც გასულ წელს ქართულმა საზოგადოებამ მასიური პროტესტებით უარყო.
საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი 2023 წლის დეკემბერში მიენიჭა იმ პირობით, რომ ევროკომისიის მიერ დადგენილი შესაბამისი ნაბიჯები შესრულდებოდა. “უცხოურ აგენტებზე” შემოთავაზებული კანონი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობაზე” კანონი, ამ ნაბიჯებიდან როგორც მინიმუმ ორს არღვევს: მე-9 ნაბიჯს, რომელიც მოუწოდებს, რომ სამოქალაქო საზოგადოება თავისუფლად უნდა მოქმედებდეს, და ჩართული იყოს საკანონმდებლო და პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში, და პირველ ნაბიჯს, რომელიც ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციასთან ბრძოლისკენ მოუწოდებს.
“უცხოურ აგენტებზე” ან “უცხოური გავლენის გამჭვირვალობაზე” კანონი ევროკავშირის ღირებულებებსა და დემოკრატიულ პრინციპებს არ შეესაბამება, და საქართველოს ევროკავშირის წევრობის ამბიციებს ეწინააღმდეგება.
საქართველოს ოფიციალურ პირებს მოვუწოდებთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, მათ შორის, მედიის, გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებაზე ევროკავშირის პრაქტიკებს გაყვეს, და არა რუსეთის და სხვა ავტორიტარული ქვეყნების, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოებისა და თავისუფალი მედიის კონტროლს, რეპრესირებას და საბოლოო ჯამში, დაშლას ისახავენ მიზნად.
ჩვენ ასევე მოვუწოდებთ ევროკომისიას, დააკვირდეს, შეესაბამება თუ არა საქართველოს ოფიციალური პირების ასეთი გადაწყვეტილებები კანდიდატი ქვეყნის სტატუსს და დროულად მოახდინოს შეფასება. ჩვენ გვესმის და მხარს ვუჭერთ ფაქტს, რომ ევროკავშირისკენ გზაზე საქართველოს რეგრესიული პროცესების შემთხვევაში, ევროკომისიას შეიძლება, გაფართოების პროცესის თავდაპირველ პოზიციებზე დაბრუნება მოუწიოს,” - წერია განცხადებაში.
როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს.
-
ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის
-
“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროქტი პარლამენტში ინიცირებულია