ომბუდსმენი: გამჭვირვალობა ლეგიტიმური მიზანია, მაგრამ ამის მიღწევა აუცილებელია სწორი გზებით

სახალხო დამცველი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტთან დააკავშირებით აცხადებს, რომ თუ ვინმეს აინტერესებს კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციის დამფინანსებელი, ამისთვის არსებობს გრანტის კანონი, სადაც შესაძლებელია, დაემატოს ერთი მუხლი, რომელიც ამ მიზნის მიღწევას უზრუნველყოფს. ლევან იოსელიანი განმარტავს, რომ მსგავსი შეთავაზებით შარშანაც გამოვიდა, როცა აღნიშნული კანონპროექტი პირველად დააინიცირეს.


„როდესაც ვსაუბრობთ ამ კანონის შინაარსზე, ეს კანონი შეიძლება, პოლიტიკოსებისთვის იყოს დებატის საგანი, მაგრამ თვითონ კანონის მიზანი, რაც გულისხმობს გამჭვირვალობას, ეს არის ლეგიტიმური, ოღონდ, ამ ლეგიტიმური მიზნის მიღწევა აუცილებელია, მოხდეს ასევე სწორი გზებით და ამაზე შარშან ამ დროს ვსაუბრობდი პარლამენტში, როდესაც ვამბობდი, რომ თუ ვინმეს აინტერესებს კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციის დამფინანსებელი, ამისთვის გვაქვს გრანტის კანონი, სადაც შესაძლებელია, დაემატოს ერთი მუხლი, რომელიც ამ მიზნის მიღწევას უზრუნველყოფს.


თუ ამ მიზნის მიღწევა კონკრეტული პოლიტიკური დღის წესრიგით არის დატვირთული და ეს ყველაფერი უკვე წინააღმდეგობაში მოდის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების დამოკიდებულებასთან, მათ ჩვენ შემდგომ ნაბიჯებთან ევროინტეგრაციის გზაზე, რა თქმა უნდა, ეს საკითხი უნდა იქნას გადახედილი. ეს პოზიცია მქონდა მაშინაც და ეს მაქვს დღესაც.


რატომ იყო პრობლემური - მაშინდელი მოცემულობით იყო იარლიყების მიმყენებელი ეს კანონი, იყო აგენტის სახელწოდება, რომელიც შეურაცხმყოფელი იყო ადამიანებისთვის. სახელწოდებას რომ თავი დავანებოთ - ზოგადად, პრინციპია, რომ ადამიანის ღირსებას არ უნდა შეურაცხყოფდეს არანაირი კანონი, არც სახელწოდებით, არც შინაარსით და ასე შემდეგ, მაგრამ ამავე დროს, მაინც ხაზს ვუსვამ, გამჭვირვალობა არის ლეგიტიმური მიზანი და ამის განხორციელებაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, ოღონდ, მნიშვნელოვანია, რომ ეს მიზნები მიღწეული იყოს ისეთი ფორმებით, რა ფორმებიც მისაღებია ჩვენი პარტნიორებისთვის," - განაცხადა ლევან იოსელიანმა „ტვპირველის“ ეთერში.


სახალხო დამცველის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ კანონი საქართველოს კონსტიტუციასთან მოვა წინააღმდეგობაში, მათი ვალდებულება იქნება საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრება.

„გამჭვირვალობა ლეგიტიმური მიზანია, მაგრამ ეს უნდა იყოს მიღწეული ისეთი ფორმით, რომელიც წინააღმდეგობაში არ იქნება ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების პოზიციასთან, სამოქალაქო სექტორის აღქმასთან და არ მოახდენს ვინმეს სტიგმატიზირებას, დემონიზებას, თორემ სხვა მხრივ, მე ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, რომ ვიღაცამ ერთი ფორმით მეტი შეავსოს და გამოამზეუროს თავისი შემოსავლები,“ ამბობს სახალხო დამცველი.


როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს.