გაეროს სპეციალური მომხსენებელი ადამიანის უფლებადამცველთა საკითხებზე, მერი ლოლერი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, რომ „უცხოეთის აგენტების კანონპროექტის“ კვლავ ინიცირებით ღრმად შეშფოთებულია. ის წერს, რომ თბილისში ვიზიტისას დაარწმუნეს, რომ ეს არ მოხდებოდა.
„ღრმად შეშფოთებული ვარ საქართველოს პარლამენტში „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონპროექტის ხელახალი წარდგენით, მიუხედავად იმისა, რომ თბილისში დამარწმუნეს, რომ ეს არ მოხდებოდა,“ წერს გაეროს სპეციალური მომხსენებელი.
ის აღნიშნავს, რომ თავის მოხსენებაში ხაზი გაუსვა ზიანს, რომელიც ამ კანონპროექტს მოჰყვება.
„გავაგრძელებ ამ საკითხის მჭიდრო მონიტორინგს,“ - წერს მერი ლოლერი.
გაეროს სპეციალური მომხსენებელი მისივე ანგარიშში მიუთითებს, რომ შემოთავაზებული კანონმდებლობის გაუქმების მიუხედავად, მისი ზეგავლენა არაერთხელ განიხილებოდა მისი ვიზიტის დროს.
ანგარიშის მიხედვით, უფლებამდაცველები საუბრობდნენ მზარდ დაუცველობაზე, რომელსაც გრძნობდნენ ამ კანონპროექტის შემოღების მცდელობის შემდეგ. ვიზიტის დროს სპეციალურ მომხსენებელს სახელმწიფომ განუცხადა, რომ „უცხოური აგენტის კანონი “აღარ იქნებოდა წარდგენილი.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტში განსახილველად 3 აპრილს დააბრუნა. მას შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“ გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია.“
კანონპროექტი ითვალისწინებს უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაციების მიერ ყოველწლიური ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნებას, რისი დარღვევისთვის ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული.
როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს.
-
ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის
-
“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროქტი პარლამენტში ინიცირებულია