„არა რუსულ კანონს“ - ჟურნალისტები, სტუდენტების ნაწილი და აქტივისტები პარლამენტთან აქციას მართვენ

სამოქალაქო აქტივისტებისა და სტუდენტების ნაწილი, ასევე, მედიის წარმომადგენლები პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქციას მართავენ. „არა რუსულ კანონს“, „თავისუფლება ლაზარეს!“ - პროტესტს ამ ლოზუნგებით გამოხატავენ.  „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინება.

ჟურნალისტებიც და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებიც აცხადებენ, რომ მმართველი პარტია ამ კანონპროექტის ხელახლა ინიციირებით ცდილობს, რუსული მეთოდებით გააჩუმოს არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები.


მსგავსი სახელწოდებით საპროტესტო აქცია თბილისის საქალაქო სასამართლოსთანაც მიმდინარეობს, სადაც სამოქალაქო აქტივისტები 7-8 მარტის აქციების დროს დაკავებული, ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლებას ითხოვენ.


„დღეს აქ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გავაპროტესტოთ “რუსული კანონი”, რომლის მიღებასაც ისევ აპირებენ. შარშან ძლივს ხელიდან გამოგლეჯილი “რუსული კანონი” გადაწყვიტეს, რომ ერთი წლის თავზე ისევ აქტუალური გახადონ და ისევ ცდილობენ მიიღონ და დაამტკიცონ, ეს კანონი. გარდა ამისა, პარალელურად თბილისის საქალაქო სასამართლოშიც ლაზარეს მხარდასაჭერად აქცია გაიმართება, რადგან დღეს მისი სასამართლო პროცესიც იმართება.


ასევე, მობილური აქციები იქნება, ადამიანები, მოქალაქეები, თავისი სურვილის მიხედვით მანქანით თბილისის სხვადასხვა ქუჩებში ტრანსპარანტებით და ამ მესიჯებით ივლიან, რომ მთელ ქალაქს მისწვდეს ხმა “რუსული კანონის” შესახებ, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ, რომ მიიღონ. ირაკლი კობახიძემ ძალიან კარგად იცის “ენჯეო” სექტორის გამჭვირვალობის შესახებ, რადგან მას “ენჯეო” სექტორში უმუშავია და USAID პროექტებშიც ყოფილა ჩართული. ეს არის მტკნარი ტყუილი და ამით ცდილობენ, რომ მოსახლეობის რაღაც ნაწილი დაარწმუნონ, თითქოს “ენჯეო” სექტორი რაღაც დაფარულ საქმიანობებს ეწევა, რაც არის ტყუილი,” - განაცხადა სამოქალაქო მოძრაობა “ტალღის” წევრმა, ნინო კალანდიამ.


პარლამენტში სამართალდამცველები მედია ორგანიზაციების ნაწილს არ უშვებენ. მათი თქმით, აკრედიტაციის მიუხედავად, მათ საკანონმდებლო ორგანოში არ უშვებენ. ამ წუთებში ისინი საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურისგან პასუხს ელოდებიან.


„მედიასთან ურთიერთობის სამსახურთან დილიდან გვაქვს კომუნიკაცია. ჩვენ წესით პარლამენტში უნდა შევდიოდეთ. ველოდებით პრესსამსახურის პასუხს, თუ რატომ არ გვიშვებენ. ჩვენ საშვები გვაქვს. ვისაც აკრედიტაცია აქვს არ შეუშვეს.

ბიუროზე არის განხილვა „რუსულ კანონის“. ამ კანონთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს კითხვები. ეს კანონი მათ შორის, ჩვენს მომავალს, ქვეყნის მომავალს ეხება,“ - განაცხადა ონლაიმ მედია „პუბლიკას“ მთავარმა რედაქტორმა ლიკა ზაკაშვილმა.

აქციის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე 400-ზე მეტმა ორგანიზაციამ ერთობლივი განცხადება გაავრცელა. მედიასაშუალებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ამ განცხადებით, კანონპროექტი ხელისუფლების მხრიდან წარმოადგენს მისი მხილების საწინააღმდეგო ნაბიჯს.


როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს.