მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩმა სომხეთში რეფორმების განხორციელებისადმი ევროპის საბჭოს მაღალი შეფასება კიდევ ერთხელ დაადასტურა.
შესაბამისი ინფორმაცია სომხეთის ეროვნული ასამბლეის ვებგვერდზე განთავსდა. როგორც ცნობილია ევროპის საბჭოს გენმდივანი სომხეთში ვიზიტით იმყოფება.
„სომხეთი თავისი დემოკრატიითა და ფასეულობებით ამტკიცებს, რომ ის ერთგულია იმ დღის წესრიგისადმი, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანის უფლებების შენარჩუნებას, მშვიდობისა და რეგიონული უსაფრთხოების სტაბილურობას. მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ის რაც შეიძლება მალე დამყარდეს და გაგრძელდეს, ” - აღნიშნა COE– ს გენერალურმა მდივანმა.
ბურიჩი ქვეყნის პრემიერ ფაშინიანსაც შეხვდა. „შესანიშნავი შეხვედრა მქონდა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან დღეს, ერევანში.
„COE გააგრძელებს სომხეთის მხარდაჭერას რეფორმირების პროცესში,” - აღნიშნა ევროპელმა მაღალჩინოსანმა, რომელიც ასევე შეხვდა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანს.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს სომხეთსა და ევროპის საბჭოს შორის თანამშრომლობის თემები, მათ შორის, რეფორმები კანონის უზენაესობის სფეროში. ასევე რეგიონული სტაბილურობის საკითხები.
სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი და ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ასევე შეეხნენ იმ ნაბიჯებს, რომლებიც მიზნად ისახავს სტაბილური და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებას სამხრეთ კავკასიაში.
„ამ კონტექსტში, არარატ მირზოიანმა ხაზი გაუსვა სომხეთის შესაბამის ძალისხმევას - მინისტრი ხაზს უსვამს ატმოსფეროს შექმნის მნიშვნელობას მტრობისგან გათავისუფლებისა და ძირითადი საკითხებისადმი მკაფიო ვალდებულებას.
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა წარმოადგინა სომხეთის მიდგომა აზერბაიჯანთან ურთიერთობის ნორმალიზაციის პროცესში ორ მნიშვნელოვან საკითხზე: კიდევ ერთხელ დაადასტურა ტერიტორიული მთლიანობის აღიარება, საზღვრების ხელშეუხებლობა და რეგიონული კომუნიკაციების განბლოკვა. არარატ მირზოიანმა ხაზი გაუსვა 1991 წლის ალმა-ათის დეკლარაციის დაცვას, ასევე საერთაშორისო სამართლის ცნობილ პრინციპებს,“ წერს სომხეთის საგარეო უწყება.
რაც შეეხება ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრას, სომხეთის პრემიერის ოფისის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის განხორციელებაზე, რომელიც 2023-2026 წლებს მოიცავს და ასევე განიხლებოდა ის ნაბიჯები, რომლებიც მიზნად ისახავს სომხეთში დემოკრატიული რეფორმების დღის წესრიგის განხორციელებას. ამ კონტექსტში, ნიკოლ ფაშინიანმა ხაზი გაუსვა სომხეთის მთავრობის ვალდებულებას და პოლიტიკურ ნებას.
„ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობის მდიდარ დღის წესრიგში, პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ევროპის საბჭოს როლს ყარაბაღიდან იძულებით გადაადგილებული ხალხის პრობლემების მოგვარებასა და საერთაშორისო მხარდაჭერის უზრუნველსაყოფაში,“ წერს ფაშინიანის ოფისი.
თავის მხრივ, ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა ევროპის საბჭოსა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის მჭიდრო თანამშრომლობას, მათ შორის, სომხეთის რესპუბლიკაში ინსტიტუციური რეფორმების განხორციელების მიმართულებით. მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩის თქმით, სომხეთისთვის გამოწვევებით სავსე პერიოდში, სომხეთის მთავრობა ეფექტიანად ახორციელებს რეფორმებს სხვადასხვა მიმართულებით.
„ყურადღება გამახვილდა რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე, ნორმალიზაციის პროცესზე სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებზე და რეგიონული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განბლოკვის შესაძლებლობებზე. ფაშინიანმა წარმოადგინა სომხეთის მთავრობის "მშვიდობის გზაჯვარედინის" პროექტი და მისი პრინციპები.
ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ "მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროექტი შეიძლება, გახდეს მნიშვნელოვანი წინაპირობა სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესისათვის,“ წერს სომხეთის პრემიერის ოფისი.
თავის მხრივ, ევროპის საბჭოს ცნობით, გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა სამოქმედო გეგმისა და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების მნიშვნელობას. მან ასევე დაადასტურა ევროპის საბჭოს ნდობის მშენებლობის ზომების (CBMs) განხორციელების შესაძლებლობა, რეგიონში დიალოგის გასაძლიერების ძალისხმევის გასაძლიერებლად.
ცნობისთვის,
ევროკავშირი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში სომხეთს 270 მილიონი ევროს გრანტის სახით გამოუყოფს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა პარასკევს ბრიუსელში, ბელგიის დედაქალაქში ევროკავშირი-აშშ-სომხეთის სამმხრივი შეხვედრის წინ, 5 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.