„დასავლეთის ძალებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა, დაეხმარონ უკრაინას რუსეთის შეჭრის მოგერიებაში“ - ქემერონი ვაშინგტონში

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ ქემერონი აშშ-ში ექსპრეიდენტ და სავარაუდოდ, რესპუბლიკელების მომავალ საპრეზიდენტო კანდიდატ დონალდ ტრამპთან აუდიენციის შემდეგ, სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს შეხვდა.


მან ბლინკენთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე მოუწოდა კონგრესს, დაამტკიცოს დამატებითი $60 მილიარდიანი (47 მილიარდი ფუნტი) დახმარება კიევისთვის.

ლიდერებმა უკრაინისადმი მხარდაჭერა დაადასტურეს.

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ "უკრაინას შეუძლია, მოიგოს ეს ომი."


დასავლეთის ძალებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა, დაეხმარონ უკრაინას რუსეთის შეჭრის მოგერიებაში.

„მომავალი თაობები შემოგვხედავენ და იტყვიან „საკმარისი გავაკეთეთ?“ - განაცხადა მან ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე და განმარტა, რომ აშშ-ში არა ლექციების წასაკითხად, არამედ, როგორც მეგობარი ჩავიდა. ქემერონმა ხაზი გაუსვა, რომ სჯერა ამერიკის და იმის, რომ მისი უსაფრთხოების ინტერესშია უკრაინის დაფინანსება.


ბრიტანელმა დიპლომატმა თავი აარიდა შეკითხვებს, რომლითაც ჟურნალისტები სთხოვდნენ, გაემჟღავნებინა ტრამპთან შეხვედრის დეტალები. მან აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტთან მოლაპარაკებას, „პირადი შეხვედრა“ უწოდა. ქემერონმა მედიას მიუთითა პრეცედენტზე, რომ საგარეო საქმეთა მინისტრები ხვდებიან ოპოზიციის კანდიდატებს საზღვარგარეთ ვიზიტების დროს.


ქემერონი ადრე აკრიტიკებდა ტრამპს, რომელიც რესპუბლიკური პარტიის სავარაუდო კანდიდატია აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში. როგორც ცნობილია, ტრამპი და მისი მხარდამჭერები პარტიის შიგნით, ეწინააღმდეგებიან აშშ-ის პაკეტს, რომელიც უკრაინას დახმარებას უწევს.


შეგახსენებთ, კანონპროექტი, რომელიც უკრაინას 60 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარებას უწევს, სენატმა თებერვლის შუა რიცხვებში დაამტკიცა.

თუმცა წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, რესპუბლიკელი მაიკ ჯონსონი უარს ამბობს, კანონპროექტს სვლა მისცეს.


კანონპროექტის მომხრეები იმედოვნებენ, რომ საპარლამენტო პროცედურებით შეძლებენ სპიკერის წინააღმდეგობის დაძლევას. აშშ-ის სადაზვერვო უწყების ხელმძღვანელობამ 11 მარტს გააფრთხილა ამერიკელი კანონმდებლები, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების შეფერხება რუსეთს შესაძლებლობას მისცემს, უკრაინის მეტი ტერიტორია დაიკავოს.