აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ისრაელს, ირანის მხრიდან თავდასხმის შიშის ფონზე, მტკიცე მხარდაჭერას ჰპირდება. ჯო ბაიდენის თქმით, ირანი ისრაელის მიერ სირიაში, ირანის საკონსულოზე საჰაერო თავდასხმის შემდეგ იმუქრება, რომ „მნიშვნელოვან დარტყმას“ განახორციელებს.
„ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დავიცვათ ისრაელის უსაფრთხოება. როგორც პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს ვუთხარი, ისრაელის უსაფრთხოების მიმართ ჩვენი ვალდებულება, ირანისა და მისი მარიონეტების მხრიდან საფრთხის ფონზე, რკინისებრია – ნება მომეცით კიდევ ერთხელ ვთქვა, რკინისებრი,“ - აღნიშნა ბაიდენმა.
ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ისრაელის თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტთან საუბრისას ნათლად განაცხადა, რომ შეერთებული შტატები დადგება ისრაელის გვერდით ირანის მხრიდან ნებისმიერი საფრთხის წინააღმდეგ.
სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ბლინკენმა და გალანტმა ასევე განიხილეს მიმდინარე ძალისხმევა ყველა მძევლის გათავისუფლების უზრუნველსაყოფად ღაზის სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ შეთანხმების გზით.
„მდივანი ბლინკენი მიესალმა ისრაელის ბოლოდროინდელ განცხადებებს ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შესვლის ხელშეწყობასთან დაკავშირებით და გაიმეორა, რომ ისეთი ინციდენტები, როგორიცაა World Central Kitchen-ის თანამშრომლებზე თავდასხმა, არასდროს არ უნდა განმეორდეს,“ - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
ენტონი ბლინკენის თქმით, შეერთებული შტატები მოელის, რომ ისრაელი სწრაფად შეასრულებს თავის ვალდებულებებს ჰუმანიტარული დახმარების საკითხთან დაკავშირებით და რომ ეს ვალდებულებები დროთა განმავლობაში უნდა შენარჩუნდეს.
ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ 10 აპრილს განაცხადა, რომ ისრაელის მიერ დამასკოში, ირანის საკონსულოზე განხორციელებული თავდასხმა ირანზე თავდასხმის ტოლფასია. „ბოროტი რეჟიმი უნდა დაისაჯოს და დაისჯება კიდეც“, - აღნიშნა აიათოლა ალი ხამენეიმ. პირველ აპრილს ირანის საკონსულოს შენობაზე თავდასხმის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ირანელი სამხედრო მეთაურები. მიიჩნევენ, რომ თავდასხმის უკან ისრაელი დგას, თუმცა მას პასუხისმგებლობა ოფიციალურად არ აუღია.