უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 11 აპრილს, ლიეტუვაში, „სამი ზღვის“ სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა.
„მნიშვნელოვანი შეხვედრებია დაგეგმილი და ახალი ორმხრივი უსაფრთხოების შეთანხმება უნდა გაფორმდეს,“ - განაცხადა ზელენსკიმ.
„ამჟამად მთავარი ამოცანაა, ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენი საჰაერო თავდაცვის სისტემის გასაძლიერებლად, უკრაინის თავდაცვის ძალების გადაუდებელი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად და მოვახდინოთ საერთაშორისო მხარდაჭერის კონსოლიდაცია, რათა შევძლოთ რუსული ტერორის დაძლევა,“ აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
სამი ზღვის ინიციატივა მოიცავს ევროპის კავშირის წევრ 12 დემოკრატიულ სახელმწიფოს, რომლებიც ბალტიის, შავი და ადრიატიკის ზღვებს შორის მდებარეობს. მისი მიზანია ახალი ინფრასტუქტურული ინიციატივების წახალისება და ამით ჩრდილოეთს და სამხრეთს შორის კავშირების დაწინაურება, ეკონომიკური ზრდა და ენერგოუსაფრთხოება, რაც თავის მხრივ, ისეთ ავტორიტარული რეჟიმებს შეუქმნის დაბრკოლებას, როგორიცაა, რუსეთი და ჩინეთი. გაერთიანების ძირითადი მიმართულებები, რომელიც ტრანსპორტს, ენერგეტიკასა და ეკონომიკის ციფრულ სფეროს მოიცავს, ბუქარესტის 2018 წლის სამიტზე დამტკიცდა.
„სამი ზღვის ინიციატივის“ წევრები არიან:
- ავსტრია
- ბულგარეთი
- უნგრეთი
- ლატვია
- ლიეტუვა
- ესტონეთი
- პოლონეთი
- რუმინეთი
- სლოვაკეთი
- სლოვენია
- ხორვატია
- ჩეხეთი
ეს ქვეყნები მოიცავს 1,21 მილიონი კვადრატული კილომეტრის ფართობს (ევროკავშირის ტერიტორიის 29%), სადაც 112 მილიონი ადამიანი (ევროკავშირის მოსახლეობის 25%) ცხოვრობს. ხოლო „სამი ზღვის ინიციატივის“ წევრი ქვეყნების მთლიანი შიდა პროდუქტი ევროკავშირის მთლიანი მშპ-ს 19%-ს შეადგენს.