Freedom House-ის ანგარიშის მიხედვით, რომელიც ცენტრალური ევროპიდან ცენტრალურ აზიამდე სახელმწიფოების დემოკრატიის დონეს აფასებს, ჰიბრიდულ რეჟიმებს შორის შედარებით ნათელი წერტილი იყო უკრაინა, რომელიც განაგრძობდა მნიშვნელოვან პროგრესს სასამართლო და ანტიკორუფციული ინსტიტუტების ჩამოყალიბებასა და კორუფციის მიმართულებით აქტიურ გამოძიებაში, მათ შორის, სამხედრო სფეროში.
იმავდროულად, უნგრეთის, საქართველოსა და კოსოვოს ქულები, ამ ქვეყნების სამოქალაქო საზოგადოებისა და რიგითი მოქალაქეებისთვის ტურბულენტური წლის მიუხედავად, უცვლელი დარჩა. ანგარიშის მიხედვით, დემოკრატიზაციისკენ მიმავალ ჰიბრიდულ რეჟიმებს განეკუთვნებიან - მოლდოვა, კოსოვო და უკრაინა, ხოლო ციკლურ (უცვლელ) ჰიბრიდულ რეჟიმებს - სომხეთი, ალბანეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, ბოსნია-ჰერცეგოვინა და მონტენეგრო.
მაჩვენებლების მიხედვით (1-დან 7-მდე) საქართველოს შემდეგი მაჩვენებლები აქვს: ეროვნული დემოკრატიული მმართველობა - 2.25, საარჩევნი პროცესი - 3.00, სამოქალაქო საზოგადოება - 4.00, დამოუკიდებელი მედია - 3.25, ადგილობრივი დემოკრატიული მმართველობა - 2.75, სასამართლოს ჩარჩო და დამოუკიდებლობა - 2.50, კორუფცია - 3.50.
ჯამში, საქართველოს დემოკრატიის მაჩვენებელი 3.04 ქულას შეადგენს (7-დან), ხოლო პროცენტების მხრივ - 34%-ს, და ჩამორჩება სომხეთს, უნგრეთს, სერბეთს, მოლდოვას, უკრიანას, ბოსნია-ჰერცეგოვინას, კოსოვოს.
„ავტოკრატიზებული ჰიბრიდები, როგორებიცაა, უნგრეთი, სერბეთი და უფრო ნაკლებად - საქართველო, ნახევრად კონსოლიდირებულ ავტორიტარულ რეჟიმებად ქცევის გზაზე დგანან.
საკვანძო ინსტიტუტები, დაწყებული მედიიდან სასამართლომდე, გასცდნენ პოლიტიზების დონეს, რომელიც ჰიბრიდული რეჟიმებისთვისაა დამახასიათებელი და ახლა მოქცეულნი არიან მმართველი პარტიების ხელში მათი პარტიული და პირადი ინტერესების გამოსაყენებლად.
როდესაც საშინაო და საერთაშორისო წინააღმდეგობა საკმარისად ძლიერია, ამ ქვეკატეგორიის ჰიბრიდული რეჟიმები იძულებულნი არიან, გარკვეულ საკითხებზე დათმობაზე წავიდნენ. მაგალითად, როდესაც საქართველოს მთავრობამ 2023 წლის მარტში საერთაშორისო აჟიოტაჟისა და მასობრივი პროტესტის შემდეგ გაიწვია რუსული სტილის კანონი „უცხოელი აგენტების შესახებ.“ ნახევრად კონსოლიდირებული ავტორიტარული რეჟიმები შეკრების თავისუფლების პატივისცემის მინიმალური, მაგრამ რეალური ზღვარი ადა ის ფაქტი, რომ სახელმწიფო იშვიათად იყენებს ფიზიკურ ძალადობას განსხვავებული აზრის ჩასახშობად.
ავტოკრატიზებულ ჰიბრიდებს ნახევრად-კონსოლიდირებული ავტორიტარული რეჟიმებისგან განასხვავებს შეკრებისა თავისუფლების პატივისცემის მინიმალური, მაგრამ რეალური ზღვარი და ფაქტი, რომ სახელმწიფო იშვიათად იყენებს ფიზიკურ ძალადობას განსხვავებული აზრის ჩასახშობად,“ – ნათქვამია ანგარიშში.