„ჩვენ ვართ ძალიან მნიშვნელოვან პერიოდში, როცა საჭიროა, რომ რაღაცები ითქვას,“ ასე დააანონსა პრეზიდენტმა მისი უმწვავესი და მმართველი გუნდის მიმართ ძალიან კრიტიკული განცხადებები, რომლებიც „ტვპირველთან“ ინტერვიუს დროს გააკეთა. მან ხელისუფლების მიმართ საკუთარი პოზიციების ცვლილებები განმარტა იმით, რომ თავად კი არა, მთავრობა შეიცვალა.
„ძალიან დიდი ხანი ბევრ რამეზე თავს ვიკავებდი, იმიტომ, რომ თვლიდი, რომ როცა ქვეყნის პრეზიდენტი მთავრობას კვალიფიკაციას აძლევს, მაგალითად, ის პროროსული არის თუ არ არის - ბევრჯერ მკითხეს საზღვარგარეთ. ყოველთვის თავს ვიკავებდი, იმიტომ, რომ არ შეიძლება, ქვეყანას თავისი გზა გადაუჭრა.
ახლა კი უკვე ჩვენ ისეთ გზაჯვარედინსა და ან ან სიტუაციაში ვართ, რომ რაც პრეზიდენტს მოეთხოვება, ნეიტრალურობა, სიფრთხილის შენარჩუნება, სახელმწიფოზე ფიქრი. დღეს სახელმწიფოზე ფიქრი არის დამოუკიდებლობაზე ფიქრი და ევროპის გზის გადარჩენა,“ განაცხადა პრეზიდენტმა და შეკითვის საპასუხოდ განმარტა, რომ „ანუ, „ქართული ოცნება„ რუსული ოცნებაა.“
პრეზიდენტის თქმით, ის ამ დრომდე მიიჩნევდა, „რომ არ ვარგა, როცა ასეთი ქიშპობა არსებობს.“
„მიდის ახალი პრემიერის [ირაკლი კობახიძის] უაზრო ჭიდილი, რომელიც დასწრებაზეა, რომ გამომიგზავნოს ინიციატივა, დავაჯილდოვეთ ფეხბურთელები, რომ მე დამასწროს. რეალურად, ეს არის ის ერთი რეალური ბერკეტი, რაც პრეზიდენტთან რჩება, მაგრამ იქაც უნდა, ვითომ ბავშვური [...].
დღეს ყველაფერს ვამბობ იმიტომ, რომ დიდი ხანი არ ვამბობდი. რადგან ვთვლიდი, რომ არ ვარგა, როცა ასეთი ქიშპობა არსებობს. ნორმალურ ქვეყანასა და სახელმწიფოში თუნდაც ჩემგან ამაზე საუბარი სწორი არ არის. მაგრამ არ ვართ არც ნორმალურ სახელმწიფოში, არც ნორმალურ ქვეყანაში და ვარ იმ პერიოდში, როდესაც სიმართლეა სათქმელი.
რჩება 6 თვე 26 ოქტომბრამდე, ყველას მობილიზაცია უნდა იყოს. არაფერი აღრევა და ერთმანეთში ათქვეფა არ არის საჭირო, ყველაფერი უნდა დარჩეს თავის პოზიციაზე,“ - აღნიშნა პრეზიდენტმა.
პრეზიდენტის შეფასებით, პარტნიორებისთვის გადამწყვეტი იქნება არჩევნები.
„როგორც ქვეყანას, არაფერს არ ჩაგვიკეტავენ არჩევნებამდე, მათ შეიძლება, ჩაუკეტონ. ჩვენ უნდა მივიდეთ 26 ოქტომბრამდე. ყველას ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, რომ ყველა თავის ადგილას იყოს, ყველამ ეს პასუხისმგებლობა გაითავისოს ბოლომდე იმიტომ, რომ რუსეთის გეგმა არის ზუსტად ეს რუსეთის გეგმაა ჯახი, არეულობა, დესტაბილიზაცია, და მერე მე დამაბრალებენ, თქვენ დაგაბრალებენ, ყველას დააბრალებენ, გარდა თავიანთი თავისა.“
„ზურაბიშვილის ფორმულა“
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, პოლიტიკური პარტიების პასუხისმგებლობაა, რომ ხალხმა, რომელსაც არც „ქართული ოცნება“ სურს და არც „ნაციონალური მოძრაობა“, დაინახოს, რომ არსებობს ისეთი ფორმულა, რომელიც 26 ოქტომბერს გაიმარჯვებს.
„საზოგადოებას უნდა ვაჩვენოთ, როგორია გამარჯვების ფორმულა. ყველამ ვიცით, რომ ამ ქვეყანაში დღეს „ქართულ ოცნებას“ არათუ 60% და 80%, როგორც თავად ითვლიან, 25% თუ აქვთ. მათი გამოსვლებისა და მათი კულტურის მინისტრის უკულტურო გამოთქმის მერე, არც ვიცი, თუ აქვთ 25%.
პოლიტიკური პარტიების პასუხისმგებლობაა, რომ ხალხმა, რომელსაც არ უნდა „ოცნება“ და არ უნდა „ნაცები“ დაინახოს, რომ სადღაც არსებობს ისეთი ფორმულა, რომელიც 26 ოქტომბერს გაიმარჯვებს. ანუ არც წარსულში დაბრუნება და არც ახლანდელ პირობებში დარჩენა,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ დღეს ოპოზიციური გაერთიანება ვერ იარსებებს, რადგან პარტიები სხვადასხვა საკითხზე ვერ თანხმდებიან, თუმცა ევროპასა და ევროპულ გზასთან დაკავშირებულ საკითხებზე ყველა თანხმდება.
„მე აგიხსნით, როგორია ჩემი ფორმულა. მე არ მჯერა გაერთიანებების, იმიტომ რომ გავლილი მაქვს. დღეს ასეთი გაერთიანება ვერ იქნება, რადგან არ არის შეთანხმება სხვადასხვა საკითხზე, გარდა ერთისა - ევროპის გზაზე. ჩვენ [ევროკავშირს] უნდა შევთავაზოთ სამოქმედო გეგმა, თუ როგორ უნდა შევასრულოთ. ვთქვი, რომ ევროპელები არჩევნებამდე დაგველოდებიან.
როგორი უნდა იყოს სასამართლო რეფორმა, ოღონდ 10 წელიწადში კი არა 3-6 თვეში რა უნდა გაკეთდეს, რომ ესენი მოვიშოროთ. რა უნდა გაკეთდეს კორუფციაზე, რომ გამოვიდეთ ჭაობიდან. როგორ უნდა იყოს შემდეგი არჩევნები.
უნდა დავდოთ პირობა, რომ 1 წელიწადში ახალი არჩევნები ჩატარდება. ეს ვერ იქნება მთლიანად თავისუფალი არჩევნები, ეს იქნება რეფერენდუმი ევროპაზე, სადაც მე კი ვირჩევ ჩემი გემოვნებს მიხედვით ერთ თუ მეორე პოლუსს, მაგრამ რეალურად მე და პარტიებს არ ექნებათ საშუალება, რომ თავიანთი იდეოლოგია, ხედვა და პროგრამა ჩამოაყალიბონ.
1 სამოქმედო გეგმა, რამდენიმე პარტია, რომელიც ერთმანეთში არ იქნება აზელილი, მაგრამ ერთი ძალიან სერიოზული პირობა საზოგადოების წინაშე, რომ ქოლგას, რომელიც მიჭირავს და არ გავუშვებ ხელს, რომ შეგიყვანთ ამ მოლაპარაკებების გზით იმ პროცესში, რომელსაც ჰქვია გაწევრიანება,“ - აღნიშნა ზურაბიშვილმა.
მანვე განმარტა, რომ დღეს სხვადასხვა ამბიციის დრო არ არის.
„სხვა გზა არ არსებობს. სხვადასხვა ამბიციის დრო არ არსებობს. უნდა დავსხდეთ და მოვიფიქროთ, რაზე ვთანხმდებით.“
ზურაბიშვილის თქმით, 2024 წლის შემოდგომაზე დაგეგმილი არჩევნები რეალურად უნდა იყოს რეფერენდუმი ევროპაზე. პრეზიდენტის განმარტებით, კოალიციური მთავრობა ნიშნავს დეოლიგარქიზაციას და იქედან გამომდინარე, რომ ერთპარტიული სისტემაა, ერთი ოლიგარქი არსებობს ქვეყანაში.“
პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ კოალიციური მთავრობა ასევე ნიშნავს დეპოლარიზაციას. კითხვას თუ ვის მისცემს ხმას, პრეზიდენტი პასუხობს:
- „მე ჩემს ხმას მივცემ ამ ქოლგას, ეს არის მთავარი, და მე ვიქნები ამის გარანტია ხალხის წინაშე, ჩემი როლი ეს არის, რადგან ვიღაც უნდა იყოს ამ მიზნის ირგვლივ, ვინც პარტიებს ერთად შეკრებს, რომ შეასრულონ მთავარი დაპირებები და შევიდეთ ევროპაში. სანამ არ გავხსნით მოლაპარაკებებს და არ დაინიშნება ნამდვილი არჩევნები და არ გაიხსნება მოლაპარაკებები, მე სადღაც ვიქნები. ან ვიქნები თუნდაც არაფორმალური - ევროპელებთან.“
კითხვას, მზად არიან თუა არა ოპოზიციური პარტიები, ზურაბიშვილი იმედოვნებს, რომ ოპოზიციური პარტიები ასეთი შეთანხმებისთვის მზად იქნებიან, რადგან მისი თქმით, „სხვა გამარჯვების ფორმულა არ არსებობს.”
შოლცი-კობახიძის პრესკონფერენცია
პრეზიდენტმა გაიზიარა გერმანიის კანცლერის პოზიცია, რომელმაც დღეს, პრემიერ კობახიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, ბერლინში განაცხადა, რომ საქართველოს მიერ შემოთავაზებული კანონპროექტი არ არის ევროკავშირში ინიცირებულის მსგავსი. ზურაბიშვილმა ასევე მიუთითა, რომ პრემიერ-მინისტრმა დაარღვია დიპლომატიური წესი, როდესაც გერმანიის კანცლერთან ერთად პრესკონფერენციისას გერმანულ ენაზე ისაუბრა.
„მნიშვნელობა აქვს იმას, რომ გერმანიის კანცლერმა, რომელიც არის ერთ-ერთი მთავარი ლიდერებიდან, თქვა, რომ არ შეიძლება ამის დაბრუნება, ეს არ არის ევროპული კანონი. არ გამიკვირდა შოლცის პოზიცია, ეს არის საწყისი იმისა, რასაც გაგვიმეორებენ არაერთხელ ამ პერიოდში.
ამიტომაა ეს კანონი საბოტაჟი ჩვენი ევროპული გზის და არა მხოლოდ ეს კანონი. ჩვენ ვხედავთ მთელ რიგ, კორიანტელს გადაწყვეტილებების, რომლებიც ყველა არის ერთი რგოლი იმისა, თუ რა გადაწყვეტილებებს იღებენ იმისათვის, რომ ჩაიშალოს ევროპული კანდიდატურა“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
უარი ლიეტუვაში ვიზიტზე
სალომე ზურაბიშვილმა განმარტა, რატომ ითხოვა ნებართვა ვიზიტე.
„მე ჩავთვალე, რომ ახალი ფორმატის გამო უნდა მეთხოვა ნებართვა, მთავრობისგან უარი მივიღე და საქართველო ვილნიუსის სამიტიდან ამოიღეს - ეს ნიშნავს, რომ ევროპასთან დაახლოება არ გვინდა. ეს იყო ჩვენთვის განსაკუთრებული და ახალი ფორმატი, 3 ზღვის ინიციატივა, სადაც ბალტიის ზღვა, შავი ზღვა და ხმელთაშუა ზღვა შედის. მე, რაც პრეზიდენტი ვარ ვიცი და ვიცოდი, რომ ჩვენი მუდმივი მოთხოვნა იყო ამ ფორმატში მონაწილეობის მიღება, თუ სხვა ფორმით არა, როგორც დამკვირვებლები ისე.
ამჯერად ლიეტუვიდან მოვიდა მოწვევა, რომ სამიტზე მონაწილეობა მიმეღო. თვითონ თქვეს, რომ ჩვენ მთავრობას წინასწარ მოვთელავთო და გავარკვევთო. ამ მოთელვაში აღმოჩნდა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო არც ვიზიტის წინააღმდეგი იყო და არც ჩემს ნაცვლად ვინმე სხვის წარდგენის ინიციატივა არ წამოსულა.
მე ჩავთვალე, რომ ახალი ფორმატის გამო უნდა მეთხოვა ნებართვა. იქ სადაც სიახლეა საგარეო პოლიტიკაში და რომელზეც მთელი მთავრობა უნდა შეთანხმდეს, იქ ნებართვა საჭიროა. მე ის მოვითხოვე, ნებართვაზე უარი მივიღე და ამის გამო სამიტიდან საქართველო ამოიღეს. დავრჩით იქ სადაც ვიყავით. ეს ძალიან ცუდია. ეს ნიშნავს, რომ არ გვინდა ევროპასთან დაახლოება.“
„ვეტინგი“
პრეზიდენტის განმარტებით, გამჭვირვალობა დემოკრატიიის ნაწილია: „კეთილი ინებე და იქ კი ნუ ეუბნები შოლცს, რომ მე მინდა გამჭვირვალობა თქვენ ფულზე, უთხარი, რომ გამჭვირვალობა გვინდა ჩვენს მოსამართლეებზე, ჩვენს ყოფილ პრემიერზე თუ მომავალ პრემიერზე, ცესკოს თავმჯდომარეზე.“
„კეთილი ინებე და იქ კი ნუ ეუბნები შოლცს, რომ „მე მინდა გამჭვირვალობა თქვენ ფულზე, უთხარი, რომ გამჭვირვალობა გვინდა ჩვენს მოსამართლეებზე, ჩვენს ყოფილ პრემიერზე თუ მომავალ პრემიერზე, ცესკოს თავმჯდომარეზე, რომელიც ახლა ინიშნება და თურმე კაპიტალს აგროვებს.“