ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ქართველ დეპუტატებს მოუწოდებს, არ მიიღონ ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისადმი მიწერილ წერილში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო'ფლაჰერტი გამოთქვამს შეშფოთებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტებთან შესაბამისობასთან დაკავშირებით, მათ შორის, ადამიანის უფლებათა და თავისუფლების სფეროში.


მისი განცხადებით, კანონის მიღებას შეიძლება, მსუსხავი ეფექტი ჰქონდეს მედიასაშუალებებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მუშაობაზე, მათ შორის, ვინც მუშაობს ადამიანის უფლებებზე, დემოკრატიასა და კანონის უზენაესობაზე.


„არაკომერციული ორგანიზაციების ლეგიტიმური მუშაობის მარეგულირებელი სამართლებრივი ჩარჩო უნდა შეიცავდეს დებულებებს, რომლებიც არ არის დისკრიმინაციული და ყოველთვის უნდა ეფუძნებოდეს გამჭვირვალობისა და ანგარიშგების მკაფიო და მიუკერძოებელ სტანდარტებს, მიუხედავად მათი დაფინანსების წყაროებისა. აღვნიშნავ, რომ ეს საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს არაკომერციული იურიდიული პირებისა და მედია საშუალებების მიმართ განსხვავებულ მოპყრობას მხოლოდ და მხოლოდ ზოგიერთი დაფინანსების უცხოური წარმომავლობის გამო,“ - ამბობს კომისარი. ამ კონტექსტში, ის სთხოვს პარლამენტის წევრებს, თავი შეიკაონ ამ საკანონმდებლო ინიციატივის მიღებისგან და ჩაერთონ ეროვნულ და საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის, ევროპის საბჭოსთან საიმისოდ, თუ როგორ უნდა იყოს უზრუნველყოფილი ხელსაყრელი გარემო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მედიის მუშაობისთვის. 


ასევე ვრცელ საპასუხო წერილში პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს, რომ კანონპროექტის სულისკვეთება და მთავარი მიზანი არის გამჭვირვალობის გაუმჯობესება.


ცნობისათვის, ევროკავშირის და ამერიკის ელჩებმა აღნიშნეს, რომ კანონპროექტი არც არც ამერიკულია და არც ევროპული. დასავლელი პარტნიორები ამბობენ, რომ ხსენებული კანონპროექტი საქართველოსთვის ევროპის გზიდან ჩამოშორების რისკებს ქმნის.


შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებით, საქართველოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა, რომ ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები გახსნას და აშშ მზადაა, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა ამ პროცესში. ეს განცხადება მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ, 3 აპრილს გააკეთა.


„ჩვენ გავეცანით ცნობებს იმის შესახებ, რომ ისინი („ქართული ოცნება“, რედ.) განიხილავენ პოტენციურ კანონმდებლობას. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ გასულ წელს ათობით ათასი ქართველი ქუჩაში გამოვიდა, რათა საჯაროთ გაეცხადებინათ თავიანთი ევროპული ამბიციები და უარი ეთქვას ამ კანონის მიღების ბოლო მცდელობაზე. საქართველოს ისტორიული შესაძლებლობა აქვს, რომ ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გახსნას და ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ ამ პროცესში საქართველოს მხარდაჭერა,” - განაცხადა მილერმა.


5 აპრილს მან კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ აშშ ღრმად შეშფოთებულაია რომ საქართველოს პარლამენტში შეტანილი კანონპროექტი საქართველოს ჩამოაცილებს ევროპის გზას და დააზარალებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც აუმჯობესებენ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრებას. იმავე დღეს მილერის განცხადება კიდევ გავრცელდა სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე, სადაც ეწერა, რომ საქართველოს მთავრობას „ნათლად აუხსნეს“ არსებული შეშფოთება.


ერთ-ერთი ბოლო განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტში 9 აპრილს გაკეთდა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების კანონპროექტის მიღების შემთხვევაში საქართველო შესაძლოა, ევროპულ გზას ჩამოცილდეს და შეიძლება, შეიზღუდოს დამოუკიდებელი მედიაც. მან უპასუხა მედიის წარმომადგენლის შეკითხვას - კანონპროექტი უკვე დარეგისტრირდა და რა შეიძლება, იყოს აშშ-ის შემდგომი პოლიტიკა. ვაშინგტონი ჯერ არ საუბრობს იმაზე, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს შტატები, კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში.


როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს.


პარლამენტის ბიურომ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტს მსვლელობა 8 აპრილს მისცა. 15 აპრილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს, პროტესტის ფონზე პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.