არასამთავრობოები მოუწოდებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები

საქართველოში მოქმედი ცხრა არასამთავრობო ორგანიზაცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებენ, რომ შეწყვიტოს მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება. ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები.


„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსული კანონის წინააღმდეგ 2024 წლის 16 აპრილს გამართულ აქციაზე დაკავებულია 11 დემონსტრანტი. თუმცა ეს არ არის დაკავებულთა საბოლოო რაოდენობა, პოლიცია განაგრძობს მოქალაქეების შეკრების თავისუფლებაში უკანონო ჩარევას, კვლავ აკავებს მშვიდობიან დემონსტრანტებს და გარკვეულ შემთხვევებში, ადგილი აქვს მოქალაქეთა მიმართ მძიმე ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტებს. არაერთი მცდელობის მიუხედავად, შსს ადვოკატებს არ აწვდის ინფორმაციას დაკავებულთა ადგილსამყოფელის შესახებ.


მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეწყვიტოს მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება და ასევე დროულად მიაწოდოს ადვოკატებს ინფორმაცია დაკავებულთა ადგილსამყოფელის შესახებ. მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები,“ - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ:

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო";

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია";

"საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა";

"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება";

"სოციალური სამართლიანობის ცენტრი";

"ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი";

"ადამიანის უფლებათა ცენტრი";

"უფლებები საქართველო";

"სამოქალაქო საზოგადოების ფონდი";


ცნობისთვის, სატელევიზიო ეთერებით გავრცელებული ვიდეობის მიხედვით, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა ონლაინ გამოცემების "პუბლიკის", "ტაბულას" და "აპრილის" ჟურნალისტებს სცემეს. ამასთანავე, სოციალურ ქსელებსა და მედიაში ვრცელდება კადრები, რომელშიც ასახულია, რომ სპეცდანიშნულების რაზმი მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ აქციის მიმდინარეობისას დაშავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი თანამშრომელი. უწყება აქციაზე „წიწაკის სპრეის“ გამოყენებას ადასტურებს და ავრცელებს ცნობას, რომ დაკავებულია 11 პირი.


რუსთაველის გამზირზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესო აქცია მიმდინარეობდა, ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.
,
პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქციის მონაწილეების ნაწილი კვლავ რჩება. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია ორი დღეა, მიმდინარეობს.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტი 17 აპრილს, 12:00 საათიდან, ისევ განახლდება. ამ დროისთვის გაგრძელდება ამ სადავო კანონპროექტის განხილვა. მას მკვეთრად აკრიტიკებენ საქართველოს პარტნიორები და ხელისუფლებას მისი გაწვევისკენ მოუწოდებენ. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა 16 აპრილის საღამოს განაცხადა, რომ ხსენებული კანონპროექტი საქართველოს ევროკავშირისგან დააშორებს.