ოკუპირებულ ყირიმში, სამხედრო აეროდრომის რაიონში აფეთქებები იყო, გაჩნდა ხანძარი - მედია

რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ქალაქ ჯანკოიში გამთენიისას რამდენიმე აფეთქება მოხდა. ადგილობრივ მცხოვრებთა მიერ სოციალური ქსელებით გავრცელებული ცნობებით, ძლიერი ხანძარი ჯანკოის სამხედრო აეროდრომის რაიონში გაჩნდა. ადგილობრივი ტელეგრამ-არხების ცნობით, ქალაქში საჰაერო განგაში მხოლოდ აფეთქებების შემდეგ გამოცხადდა.


უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ქალაქ ჯანკოიში მდებარე სამხედრო ობიექტებზე დრონებით არაერთი იერიში მიიტანეს.

ჯანკოი ყირიმის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთში მდებარეობს. რუსული წყაროების თანახმად, ქალაქის სამხედრო აეროდრომზე დისლოცირებულია რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის ვერტმფრენების 39-ე პოლკი და სამი საავიაციო ესკადრილია. ასევე, უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო განყოფილების ვერტმფრენები.

უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძული რუსეთის მიერ ანექსირებულია 2014 წლიდან.