გერმანიაშ, ბავარიაში დააკავეს სავარაუდოდ, ორი აგენტი, რომლებიც რუსეთის სადაზვერვო სამსახურებისთვის მუშაობდნენ და სამხედრო ინფრასტრუქტურის ობიექტებში დივერსიის მოწყობას აპირებდნენ, რათა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა ჩაეშალათ. ამის შესახებ გერმანულმა გამოცემა Spiegel-ი წერს.
მთავარი ბრალდებული არის 39 წლის რუსულ-გერმანული წარმოშობის ბავარიელი დიტერ ს. გამომძიებლები დარწმუნებულნი არიან, რომ დიტერ ს. 2023 წლის ოქტომბრიდან დაუკავშირდა რუსეთის სპეცსამსახურების საკონტაქტო პირებს გერმანიაში დივერსიული ოპერაციების შესახებ. ვარაუდობენ, რომ ის დათანხმდა სამხედრო ინფრასტრუქტურის, იარაღის ქარხნებისა და სამრეწველო ობიექტების ცეცხლის წაკიდებას და დაბომბვას.
გამოძიება მიიჩნევს, რომ დიტერ ს-ის თანამზრახველი იყო 37 წლის ალექსანდრე ჯ., ასევე რუსულ-გერმანული წარმოშობის, რომელსაც ფედერალური პროკურატურა რუსეთის დაზვერვის სასარგებლოდ აგენტობაში ადანაშაულებს. გამოცემის ცნობით, ერთ-ერთი ადგილი, სადაც დაკავებულები ჯაშუშობდნენ, ბავარიის გრაფენვუერში მდებარეობს.
სხვა საკითხებთან ერთად, ეს არის მნიშვნელოვანი სამხედრო სასწავლო მოედანი, სადაც აშშ-ის არმია უკრაინელ სამხედროებს, მაგალითად, აბრამსის მთავარ საბრძოლო ტანკებზე წვრთნის. დიტერ ს.-ს ასევე ბრალად ედება საზღვარგარეთ ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა. იმის გამო, რომ ის ფლობდა ცეცხლსასროლ იარაღს, ფედერალურმა პროკურორებმა მის წინააღმდეგ გამოძიებაც დაიწყეს საფრთხის შემცველი ძალადობრივი აქტის მომზადების ბრალდებით.
გამოცემის ცნობით, დიტერ ს. და ალექსანდრე ჯ. ოთხშაბათს კარლსრუეში გადაიყვანეს და ფედერალური სასამართლოს მოსამართლეების წინაშე წარდგნენ. ორივე დააკავეს. ჩეხეთის რესპუბლიკამ ადრე განაცხადა, რომ რუსეთს ჰქონდა „ათასობით“ მცდელობა, ჩარეულიყო ევროპული სარკინიგზო ქსელების მუშაობაში და ეს იყო ევროკავშირის დესტაბილიზაციის კამპანიისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დივერსიის მცდელობის ნაწილი.
ჩეხეთსა და პოლონეთში პრორუსული გავლენის ქსელების ბოლოდროინდელი გამოვლენის შემდეგ, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერ ფიალამ განაცხადა, რომ შემდგომი მსგავსი განცხადებები სხვა ქვეყნებშიც უნდა იყოს მოსალოდნელი.