ღარიბაშვილი ახალგაზრდებს: არ გახსოვთ, რა მდგომარეობა იყო 2012 წლამდე?

მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ „ვინც გამჭვირვალობას ეწინააღმდეგება, მას არაფერი აქვს საერთო დემოკრატიასთან.“

შიდა ქართლში, ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან და პარტიულ აქტივთან შეხვედრის შემდეგ, ღარიბაშვილმა მედიასთან საუბრისას, ახალგაზრდებს მიმართა და განაცხადა, რომ თუ რომელიმე მმართველმა პარტიამ ევროპული ინტეგრაციის გზაზე ხელშესახები პროგრესი მოიტანა, ეს არის „ქართული ოცნება“ და მაგალითად ასოცირების შეთანხმება და უვიზო რეჟიმი მოიყვანა. მისი თქმით, 2012 წლამდე ევროპაში მხოლოდ „მმართველი ელიტა მოგზაურობდა.“

„ახალგაზრდებს მივმართავ და მინდა, თქვენ, ყველას შეგახსენოთ, არ გახსოვთ, რა მდგომარეობა იყო? ჩვეულებრივ მოქალაქეს ევროპაში გადაადგილება არ შეეძლო. დღეს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, აიღოს ბილეთი და გაფრინდეს ევროპაში. ვინ მოიტანა ეს შედეგი?! ეს შედეგი მოიტანა ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ.“


ყოფილმა პრემიერმა ასევე გაიმეორა მმართველი გუნდის მიერ აქამდეც არაერთხელ ნათქვამი, რომ „ბევრი აქციის უკან ცნობილი აგრესიულად გამორჩეული ორგანიზაციები დგანან.“

„ჩემი პოზიცია იყო და არის შემდეგი: რა თქმა უნდა, მიუღებელია ჩვენთვის, როცა ეს ფული მიემართებოდა ან მიემართება დესტრუქციული, ანარქისტული და ექსტრემისტული აქციების ორგანიზებისთვის, როცა ეს ფული მიემართება სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული იდეოლოგიის გავრცელებისთვის, ძალიან ბევრი აქციის უკან იდგა ის ცნობილი აგრესიულად გამორჩეული ორგანიზაციები, იგივე „სირცხვილია“ და სხვა, რომლებიც იღებდნენ დაფინანსებას უცხოეთიდან და ამ ფულს იყენებდნენ მთავრობის, ხელისუფლებისა და ხალხის წინააღმდეგ შემოჰქონდათ შფოთვა, არეულობა და ქაოსი,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მან ასევე თქვა, რომ დღეს ქვეყანა ვერ გახდება ევროკავშირის წევრი, რადგან ის ჯერ მზად არ არის ამისთვის.


"არ არის კონსენსუსი იმაზე, რომ დღესვე შეიძლება, გახდეს ქვეყანა ევროკავშირის წევრი, მითუმეტეს ახლა, ამდენი პრობლემებია და იცით, რომ დრო დასჭირდება ამას".

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მასშტაბური საპროტესტო აქციები 15 აპრილიდან იმართება.


საერთაშორისო პარტნიორები და თავად ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები აცხადებენ, რომ ეს კანონი მიღების შემთხვევაში, ქვეყანას ევროპული გზიდან გადაახვევინებს.

ევროკავშირის და ამერიკის ელჩებმა აღნიშნეს, რომ კანონპროექტი არც არც ამერიკულია და არც ევროპული. დასავლელი პარტნიორები ამბობენ, რომ ხსენებული კანონპროექტი საქართველოსთვის ევროპის გზიდან ჩამოშორების რისკებს ქმნის.


„ქართული ოცნება" მის მიერ ინიციირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტის" მიზნად ასახელებს უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიასაშუალებების გამჭვირვალობას და სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვას. ირაკლი კობახიძემ 17 აპრილს განაცხადა, რომ „უკრაინიზაციის“ თავიდან აცილება არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობა და ეს არის ამ კანონპროექტის უმთავრესი მიზანი.“

უკრაინის საგარე საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებები “უკრაინიზაციის” შესახებ, რომლის წინააღმდეგაც არის ვითომდა მიმართული “უცხოური გავლენების შესახებ“ კანონპროექტი, აღშფოთებას იწვევს.


ცნობისთვის,  პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა.