სუს-ი განცხადებას ავრცელებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური „ტელეგრამში“ ტერორიზმთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელების საქმეზე განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა.


„მიმდინარე წლის 21 აპრილს, სოციალურ ქსელებში, კერძოდ ინტერნეტ აპლიკაცია ტელეგრამში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, თბილისის მასშტაბით საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სავაჭრო ცენტრებში შესაძლო ასაფეთქებელი მოწყობილობების განთავსებისა და მოსალოდნელი თავდასხმების შესახებ მუქარის ფაქტებზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დანაყოფების მიერ მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა შესაბამისი ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები.


სპეციალური კონტრტერორისტული ღონისძიებების შედეგად რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა. აღნიშნულთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი დანაყოფი აგრძელებს ოპერატიულ-სამძებრო ღონისიძიებებსმ“ წერს სუს-ი.


საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს განცხადებით, უწყებას „ტელეგრამში“ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით სწავლის შეწყვეტის გადაწყვეტილება არ მიუღია. სკოლებში ყველა საჭირო ღონისძიება ტარდება.