უკრაინა NATO-ს კიბერუსაფრთხოების უდიდეს წვრთნებში პირველად მონაწილეობს

მსოფლიოში უდიდეს კიბერუსაფრთხოების წვრთნებში  - Locked Shields 2024, რომელიც ესტონეთში NATO-ს ეგიდით ტარდება, უკრაინის წარმომადგენლები პირველად მონაწილეობენ. ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოსთან არსებული კიბერუსაფრთხოების ეროვნული საკოორდინაციო ცენტრიდა (NCCC) იუწყება.


მთლიანობაში, წვრთნებში 4000-მდე ექსპერტი 40-ზე მეტი ქვეყნიდან მონაწილეობს. მათ დაევალებათ, დაიცვან პირობითი ქვეყნის ინფრასტრუქტურა რეალურთან მიახლოებულ პირობებში.

„სხვადასხვა ქვეყნისა და პარტნიორების გაზრდილი ჩართულობა აჩვენებს Locked Shields 2024-ის გლობალურ მიღწევებსა და მნიშვნელობას, რაც ადასტურებს ამ წვრთნების მნიშვნელოვან როლს კიბერ თავდაცვის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებაში,“ - წერს NCCC.


Locked Shields-ი არის მსოფლიოში ყველაზე დიდი კიბერუსაფრთხოების სწავლება. წვრთნას NATO-ს კიბერუსაფრთხოების ცენტრი ხელმძღვანელობს.

2023 წელს მასში 33 ქვეყანა მონაწილეობდა. უკრაინა NATO-ს კიბერცენტრს 2022 წლის მარტში შეუერთდა.