უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის მიერ უკრაინისთვის 61 მილიარდი დოლარის დახმარების გამოყოფაზე განაცხადა, რომ უკრაინული მხარე ამ დღეებში ამერიკელ პარტნიორებთან აქტიურად მუშაობდა ყველა დონეზე, რათა ოპერატიულად “შეევსო ეს პაკეტი” სწორედ ისეთი იარაღით, რომელიც უკრაინელ სამხედროებს სჭირდებათ.
„ახლა გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ნახევარი წლის კომპენსირება მოვახდინოთ, რომელმაც დებატებში, ეჭვებში გაიარა. ის, რისი გაკეთებაც რუსმა ოკუპანტმა ამ დროის განმავლობაში შეძლო, ის, რასაც პუტინი ახლა გეგმავს, მის წინააღმდეგ უნდა შევატრიალოთ.
ყველა მისი ქმედება ფრონტზე, ყველა მისი დარტყმა ჩვენს ენერგეტიკაზე, ინფრასტრუქტურაზე, მთელი მისი ტერორი ჩვენი ქალაქებისა და სოფლების წინააღმდეგ - ამ ყველაფერმა მობილიზება უნდა მოახდინოს ჩვენი, მსოფლიოში ყველასი, ვინც ნამდვილად აფასებს სიცოცხლეს, რუსეთზე მეტი ზეწოლისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტ ბაიდენთან ყველა ჩვენი შეთანხმება რეალიზებული იყოს ასი პროცენტით. მადლობა, ამერიკა!” - განაცხადა ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას.
„მე მადლობელი ვარ პრეზიდენტი ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის, ვინც აღიარებს, რომ პუტინს ფეხქვეშ უნდა გამოვაცალოთ მიწა, ვიდრე მას დავემორჩილოთ, რადგან ეს არის ერთადერთი გზა თავისუფლებისთვის საფრთხის შესამცირებლად. ჩვენ ერთად შეგვიძლია ამის უზრუნველყოფა," - წერდა ასევე დღეს, ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე.
პაკეტი, რომელიც უკრაინისთვის 61 მილიარდი დოლარის დახმარებას ითვალისწინებს, კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მრავალთვიანი დავის შემდეგ, 20 აპრილს მიიღო. სენატმა ის 23 აპრილს მიიღო. ბაიდენმა კი, დახმარების პაკეტს, დღეს, 24 აპრილს მოაწერა ხელი.