პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ პოლონეთის სეიმში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთის მიერ NATO-ს ნებისმიერ წევრზე თავდასხმა მის მარცხს გამოიწვევს.
„ალიანსს სამჯერ მეტი საავიაციო რესურსი აქვს, სამჯერ მეტი სამხედრო მოსამსახურე და ოთხჯერ მეტი გემი ჰყავს, ვიდრე რუსეთს. რუსეთს მობილიზაციის პირველი ტალღის შემდეგ, 1,3 მილიონზე მეტი სამხედრო მოსამსახურე ჰყავდა. NATO-ს სამხედრო პერსონალი, დამატებითი მობილიზაციის გარეშე, 3,5 მილიონზე მეტია, რაც თითქმის სამჯერ მეტია. რუსეთის მიერ NATO-ს ნებისმიერ წევრზე თავდასხმა მის მარცხს გამოიწვევს,“ - განაცხადა რადოსლავ სიკორსკიმ.
რადოსლავ სიკორსკიმ ასევე აღნიშნა, რომ რუსი პოლიტიკოსები და პროპაგანდისტები პოლონეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის პროვოცირებას ცდილობენ და განცხადებებს ავრცელებენ, თითქოს პოლონეთს უკრაინის ტერიტორიების ანექსია სურს.
„რუსეთი უკრაინის ნაწილის ანექსიასთან დაკავშირებით პოლონეთის გეგმების შესახებ ცრუობს. დონბასი უკრაინაა, ყირიმი უკრაინაა. ლვოვი, ვოლინი, ყოფილი აღმოსავლეთ გალიცია უკრაინაა. ამიტომ, ვიმეორებ, რათა კრემლმა გაიგოს: ლვოვი უკრაინაა,“ - აღნიშნა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.