პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციის გადახედვასთან დაკავშირებით არსებულ ჩანაწერს ჩალის ფასი აქვს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციას, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან“ დაკავშირებით, 25 აპრილს მიიღეს, „ჩალის ფასი აქვს.“
„რაც შეეხება ჩანაწერს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, ზუსტად ისეთი ჩალის ფასი აქვს, როგორც ჩანაწერებს ლგბტ პროპაგანდის არდაშვებასა და სააკაშვილის გათავისუფლების თაობაზე.
ვიზალიბერალიზაცია არის ხელისუფლების და ქართველი ხალხის მონაპოვარი, არათუ ასეთ შანტაჟის ენით უნდა ესაუბრებოდეს ვინმე ხელისუფლებას და ქართველ ხალხს, პირიქით, უნდა ზრუნავდნენ ამერიკაში უვიზო მიმოსვლის შემოღებაზე.
ეს არის ჩვენი პარტნიორების პასუხისმგებლობა და არა ის, რომ ვიღაც შანტაჟის ენით ესაუბროს ქართველ ხალს. ქართველი ხალხის მიმართ შანტაჟის ენა რომ არ ჭრის, ეს გამოჩნდა 2022 წელს და ახლაც ძალიან კარგად ჩანს,“ - აღნიშნა კობახიძემ.
ის ამბობს, რომ ევროპარლამენტარები ბოლო წლების განმავლობაში ქართული საზოგადოების დაშინებას ცდილობენ.
„ყველაფერი არის მარტივი დეჟავიუ, ყველაფრის გამეორება, როგორც ჩანს, ოდიოზურ პარლამენტარებს გათვლა აქვთ, რომ ოქტომბერში კომისიის უარყოფითი დასკვნა დაიწერება მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით და ცდილობენ, რომ რაღაცნაირად ერთგვარი ნეგატიური ფონი ჩააფინონ, დააშინონ ქართული საზოგადოება. როგორც მაშინ ჰქონდა ამ რეზოლუციებს „ჩალის“ ფასი, ახლაც „ჩალის“ ფასი აქვს, უფრო მეტიც „ჩალის“ ფასიც არ აქვს, „ჩალაძის“ ფასი აქვს ამ რეზოლუციას, ყველა იმ ადამიანისთვის, რომლისთვისაც სიმართლეა მთავარი,” - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები, რომლებიც პარლამენტთან ყოველდღე იკრიბებიან, ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს.
შეგახსენებთ, პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა, რომელიც მაისისთვის იგეგმება.