აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) და ჰელსინკის კომისიის წევრი სტივ კოენი (დემოკრატიული პარტია) ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ და აღნიშნავენ, რომ საქართველოში რუსეთის გავლენა კვლავ ბრუნდება.
განცხადება სათაურით - „ჰელსინკის კომისიის წარმომადგენელთა პალატის ლიდერთა განცხადება საქართველოში უცხოეთის აგენტის კანონპროექტის ინიცირებასთან დაკავშირებით" -კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ჰელსინკის კომისიის მიერ გამოქვეყნებული განცხადების ავტორები არიან კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი და წამყვანი კანონმდებელი - კონგრესმენი სტივ კოენი.
განცხადებაში წერია, რომ „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული კანონპროექტის ამერიკულ FARA-ს კანონთან შედარება მიზანმიმართული დეზინფორმაციაა.
„დამოუკიდებლობის აღდგენიდან ათწლეულობით ბრძოლის შემდეგ, საქართველოში რუსეთის გავლენა ბრუნდება. მისდა სამარცხვინოდ, საქართველოს მმართველი პარტია, რომელიც ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ არჩევანს, მისი უახლოესი მეგობრების რჩევის საპირისპიროდ, კვლავ წინ სწევს რუსული სტილის უცხოეთის აგენტების კანონპროექტს.
ეს კანონპროექტი, საქართველოს სულ უფრო და უფრო უკანმიმავალ დემოკრატიაზე სხვა თავდასხმებთან ერთად, მიზნად ისახავს, ძირი გამოუთხაროს სამოქალაქო საზოგადოებას, დათრგუნოს თავისუფალი აზრი და არადემოკრატიული გზით გააძლიეროს რეჟიმის ძალაუფლება.
შემაძრწუნებელია იმის ნახვა, რომ საქართველოს მთავრობა ასე თავხედურად ესხმის თავს საკუთარი ხალხის ნებას და მის ურთიერთობას შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან. შეერთებული შტატები იყო და რჩება საქართველოს ერთგულ მეგობრად, რომელიც გასცემს უსაფრთხოების დახმარებას, პოლიტიკურ მხარდაჭერასა და მილიარდობით დოლარის ფინანსურ დახმარებას. რუსეთს, პირიქით, მხოლოდ უბედურება, განადგურება და სამხედრო ოკუპაცია მოუტანია.
FARA-სთან ან უცხოური გავლენის მონიტორინგის ნებისმიერ სხვა დასავლურ მექანიზმებთან შედარებები მიზანმიმართული დეზინფორმაციაა, რომელიც კრემლის ძველ სასაუბრო პუნქტებს იმეორებს. შეერთებული შტატები ქართველი ხალხის დემოკრატიული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მეგობრად რჩება და ამ პრინციპების მხარდაჭერას გავაგრძელებთ. საქართველოს ოფიციალურ პირებს მოვუწოდებთ, ამ დესტრუქციული გზიდან გადაუხვიონ,” - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, ჰელსინკის კომისია ამერიკის მთავრობის სააგენტოა, რომელიც 1975 წელს შეიქმნა, ჰელსინკის საბოლოო აქტის ვალდებულების შესრულებაზე ზედამხედველობის მიზნით.
შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები, რომლებიც პარლამენტთან ყოველდღე იკრიბებიან, ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს.
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა, რომელიც მაისისთვის იგეგმება.