ლიეტუვა და პოლონეთი HIMARS-ის საბრძოლო მასალის ლოგისტიკური ცენტრის შექმნას განიხილავენ

ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ პოლონეთთან თავდაცვის შესაძლებლობების გასაფართოებლად მჭიდრო თანამშრომლობა შესთავაზა. მას ასევე სურს HIMARS-ის საბრძოლო მასალის რეგიონული ლოგისტიკური ცენტრის შექმნასდა თავდაცვის შესყიდვებში ერთობლივი მონაწილეობა.

„ჩვენ განვიხილეთ შესაძლო თანამშრომლობა თავდაცვის ინდუსტრიაში. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი სამხრეთი მეზობელი, პოლონეთი, უდავოდ არის მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა ვუპასუხოთ ჩვენს გარშემო არსებულ გეოპოლიტიკურ რისკებს,“ განაცხადა ნაუსედამ.
 
მანვე აღნიშნა, რომ ლეიტუვა ამჟამად განიხილავს ეროვნული თავდაცვისთვის დაფინანსების გაზრდის საკითხს.

„განვიხილეთ, კერძოდ, HIMARS სისტემები, რადგან ლიეტუვაც და პოლონეთიც გეგმავენ ამ სისტემების შეძენას. მათ უკვე შეიძინეს, მაგრამ აპირებენ მომავალში მეტის მიღებას. განსაკუთრებით, პოლონეთის საბრძოლო მასალის წარმოების გეგმების გათვალისწინებით, ჩვენ გვსურს, ვითანამშრომლოთ. ჩემი წინადადება სწორედ ამ მიმართულებით იყო, რაც გულისხმობს რეგიონული ლოგისტიკური ცენტრის შექმნას,“ - განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა.

გარდა ამისა, ლიეტუვა და პოლონეთი განიხილავენ რაკეტების საერთო შესყიდვას.
 
„ჩვენ შეგვიძია, მონაწილეობა მივიღოთ საერთო შესყიდვებში (რაკეტების). ეს იქნება ძალიან კონკრეტული მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება, ჩვენი ძლიერი კავშირები სამხედრო თანამშრომლობაში ახალ სიმაღლეებამდე მივიდეს," - განმარტა ნაუსედამ.

ამასთან, ნაუსედამ შეაქო პოლონეთის მზადყოფნა, ქვეყანაში NATO-ს ბირთვული იარაღის განლაგების შესახებ და განმარტა, რომ ასეთი გადაწყვეტილება, თუ ალიანსის მიერ იქნება მიღებული, ხელს შეუწყობს შეკავებას და დააკმაყოფილებს ევროპის უსაფრთხოების მოლოდინებს. ამავდროულად, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლონეთში ბირთვული იარაღის შესაძლო განლაგება რუსეთს არანაირ საფრთხეს არ შეუქმნის. მისი განმარტებით, ატომური იარაღის განლაგების იდეა არ არის წაქეზება და არ არის საფრთხე რუსეთისთვის, მაგრამ ის კვლავ შემაკავებელი სისტემის ელემენტია, რომელმაც მართლაც მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს.

ბოლო თვეების განმავლობაში, პოლონეთი აქტიურად ყიდულობდა იარაღს თავისი თავდაცვის გასაძლიერებლად რეგიონში გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე. ძირითადი შესყიდვები მოიცავს Abrams-ის ტანკებს შეერთებული შტატებიდან, HIMARS-ის სარაკეტო საარტილერიო სისტემებს შეერთებული შტატებიდან, Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებს, თურქული წარმოების თვითმფრინავებს და სამხრეთ კორეის K2-ის ტანკებს. The Telegraph-ის ცნობით, ჯერ კიდევ მაისში პოლონეთმა მიზნად დაისახა ევროპაში უდიდესი სახმელეთო არმიის შექმნა.

ცნობისთვის, M142 HIMARS (ინგლ. High Mobility Artillery Rocket System )„მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემა“; „ჰაიმარსი“) — მსუბუქი ზალპური ცეცხლის რეაქტიული საარტილერიო სისტემა, რომელიც შეიქმნა 1990-იან წლებში აშშ-ის არმიისთვის და დამონტაჟებულია M1140 საშუალო ტაქტიკური სატვირთო მანქანის შასიზე. 

HIMARS აღჭურვილია 6 ერთეული 227 მილიმეტრიანი რაკეტით ან 1 MGM-140 ATACMS ტიპის ტაქტიკური რაკეტით და შეუძლია ყველა ტიპის იმ სტანდარტული რაკეტის გაშვება, რაც M270 MLRS სისტემის შეიარაღებაშია.