აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა “რამშტაინის” ფორმატში 21-ე შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ შტატები უკრაინისთვის 6 მილიარდი დოლარის ოდენობის ყველაზე დიდ სამხედრო დახმარების პაკეტს გამოყოფს. მანამდე აშშ-მ უკრაინისთვის 1 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტის შესახებ გამოაცხადა, რომლის ფარგლებშიც კიევს იარაღი აშშ-ის არმიის მარაგებიდან გადაეცემა.
„ასევე მოხარული ვარ დღეს 6 მილიარდი დოლარის ოდენობის დამატებითი ვალდებულების შესახებ გამოვაცხადო უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის (USAI) ფარგლებში. ეს საშუალებას მოგვცემს, უკრაინისთვის დამატებითი დახმარება ამერიკული თავდაცვითი მრეწველობისგან შევიძინოთ. ამგვარად, განცხადებები, რომლებიც ამ კვირის განმავლობაში გაკეთდა, ხაზს უსვამენ უკრაინისთვის თავდაცვის საქმისადმი აშშ-ის ურყევ ერთგულებას,” - განაცხადა ოსტინმა. მისივე თქმით, ეს სამხედრო დახმარების ყველაზე დიდი პაკეტია, რომელიც დღეისთვის არის გამოცხადებული. მასში შევა Patriot და NASAMS სისტემებისთვის რაკეტები, დრონების საწინააღმდეგო სისტემები, და საარტილერიო ჭურვებისა და საზენიტო საბრძოლო მასალის “მნიშვნელოვანი რაოდენობა.”
Politico დღეს წერდა, რომ შეერთებული შტატები უკრაინისთვის დღემდე ერთ-ერთი უმსხვილესი სამხედრო დახმარების პაკეტის მიწოდებას გეგმავს.