სტოლტენბერგმა ზელენსკი ვაშინგტონში, NATO-ს სამიტზე მიიწვია

NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა დაადასტურა უკრაინის პრეზიდენტის მიწვევა 9-11 ივლისს ვაშინგტონში, ალიანსის საიუბილეო სამიტზე დასასწრებად. ამის შესახებ ალიანსის ხელმძღვანელმა დღეს კიევში უკრაინის პრეზიდენტთან ერთად გამართული პრესკონფერენციის დროს განაცხადა.


„დღეს განვიხილეთ ივლისში NATO-ს სამიტისთვის მზადება. ასე რომ, ბატონო პრეზიდენტო, მოუთმენლად ველი თქვენთან შეხვედრას ვაშინგტონში,“ - აღნიშნა იენს სტოლტენბრეგმა.

მანვე განაცხადა, რომ მოკავშირეები უკვე შეთანხმდნენ ალიანსის უფრო დიდი როლის დაგეგმვაზე უკრაინის უსაფრთხოების დახმარებისა და წვრთნების კოორდინაციაში და რომ NATO-ს ასევე სჭირდება ძირითადი, მრავალწლიანი ფინანსური ვალდებულება უკრაინის მხარდაჭერის შესანარჩუნებლად.


„მოსკოვს უნდა ესმოდეს: ვერ გაიმარჯვებენ. უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. უკრაინა NATO-ს წევრი გახდება,“ აღნიშნა სტოლტენბერგმა.