თბილისში, პარლამენტის შენობასთან, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტის წინააღმდეგ, პოლიციამ ჩიტაძის ქუჩაზე შეკრებილი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა.
მანამდე, სპეციალური საშუალებები გამოიყენეს. ვითარება პერიოდულად იძაბებოდა.
კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა რამდენიმე დემონსტრანტი დააკავეს, თუმცა დაკავებულთა ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია. შსს-ს ოფიციალური ინფორმაცია ამის შესახებ არ გაუვრცელებია.
უწყებამ განაცხადა, რომ „აქციის მონაწილეთა პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს და მიიღო ძალადობრივი ხასიათი.“
„მიუხედავად პოლიციელების არაერთი მოწოდებისა, ისინი არ ემორჩილებიან სამართალდამცველთა კანონიერ მოთხოვნებს. აქციის მონაწილეები სამართალდამცველებს სიტყვიერად და ფიზიკურად უპირისპირდებიან, ასევე მათი მიმართულებით ისვრიან სხვადასხვა საგანს.
გამომდინარე იქიდან რომ აქცია სრულად გასცდა კანონით დადგენილი შეკრება მანიფესტაციის ფარგლებს და გახდა ძალადობრივი, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტრო იწყებს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელებას.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს, პოლიტიკური პარტიის ლიდერებს და მონაწილეებს, დაემორჩილონ სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნებს.
სამინისტრო შეისწავლის აქციის მსვლელობისას მომხდარ ყველა კანონსაწინააღმდეგო ფაქტს და თითოეულ ქმედებას მისცემს შესაბამის სამართლებრივ შეფასებას,“ წერს შსს.
მედიის მიერ გავრცელებული ცნობით, აქციაზე არაერთი ადამიანი დაშავდა, მათ შორის, პოლიტიკოსები და ჟურნალისტებიც არიან.
მათ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა ადგილზე გაუწია დახმარება.
ცოტა ხნის წინ, სახალხო დამცველმა მოუწოდა სამართალდამცავ ორგანოებს, უფლებამოსილების განხორციელებისას არ გასცდნენ კანონმდებლობის ფარგლებს, არ გამოიყენონ ძალა შეკრების მშვიდობიანი მონაწილეებს მიმართ და არ შეუშალონ ხელი აქციის მონაწილეებს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებით სარგებლობაში. ომბუდსმენი პარლამენტთან და მთავრობის ადმინისტრაციასთან შეკრებილ აქციის მონაწილეებსაც მოუწოდებს, „არ გასცდნენ მშვიდობიანი შეკრების ფარგლებს.“ ის აღნიშნავს, რომ „ვრცელდება ჩანაწერები სამართალდამცველთა მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტების ფაქტებზე.“
ასევე, ვრცელდება ჩანაწერები სამართალდამველთა მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტების ფაქტებზე. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია ჟურნალისტების დაშავების თაობაზე. ამ ეტაპისთვის ხელმისაწვდომი ინფორმაციის საფუძველზე და პირველადი შეფასებით, სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ სამართალდამცველთა მხრიდან ნებისმიერი სახის ძალისა თუ სპეციალური საშუალების გამოყენება უნდა აკმაყოფილებდეს აუცილებლობისა და პროპორციულობის მკაცრ ტესტს, დაუშვებელია სპეციალური საშუალებების (მათ შორის, ე.წ.)წიწაკის სპრეის) დამიზნებით სახეში გამოყენება.
ნებისმიერი სპეციალური საშუალებების გამოყენებას წინ უნდა უძღვოდეს გაფრთხილება. პროტესტის მონაწილეებს უნდა მიეცეთ გონივრული ვადა პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნის შესასრულებლად.
ასევე, მნიშვნელოვანია ჟურნალისტებს არ შეეშალოთ ხელი საქმიანობაში და უზრუნველყოფილი იყოს მათი უსაფრთხოება. საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, უფლებამოსილების განხორციელებისას არ გასცდნენ კანონმდებლობის ფარგლებს, არ გამოიყენონ ძალა შეკრების მშვიდობიანი მონაწილეებს მიმართ და არ შეუშალონ ხელი აქციის მონაწილეებს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებით სარგებლობაში.
ამავე დროს სახალხო დამცველი მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ მშვიდობიანი შეკრების ფარგლებს. ასევე სახალხო დამცველი მიმართავს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, შეისწავლოს ძალის გადამეტების ფაქტები და შედეგების თაობაზე მოახდინოს საზოგადოების ინფორმირება,“ წერია განცხადებაში.