„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მესამე მოსმენა ორ კვირაში გაიმართება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„პროცედურა შემდეგია: ჩვენ ორ კვირაში გვექნება მესამე მოსმენა, აქედან დაახლოებით ერთ თვეში, ოთხ კვირაში იქნება ვეტოს დაძლევა. ჩვენ მიგვითითებენ ხოლმე, ვენეციის კომისიაზე იქნებ დაიცადოთ და ასე შემდეგ. ვენეციის კომისიის დასკვნა ჩამოდის იქამდე, ვიდრე მოხდება ვეტოს დაძლევა,“ - აღნიშნა პრემიერმა.
მისი თქმით, აუცილებელია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება. აქციები იქნება დღეს, მესამე მოსმენის დროს, ვეტოს გადალახვის დროს, თუმცა ჩვენ თუ გავიტანთ ყველაფერს და რა თქმა უნდა გავიტანთ ამ კანონს, ამ შემთხვევაში იქნება რამდენიმედღიანი დისკომფორტი თუმცა, გრძელვადიან პერსპექტივაში წლობით დავაზღვევთ ქვეყანას პოლარიზაციისგან და რადიკალიზმისგან.“
მისივე თქმით, „თუ პოლარიზაციის და რადიკალიზმის ჩაკეტილ წრეს არ გავარღვევთ ძალიან გაგვიჭირდება ევროკავშირში წევრობა.“
ამასთან, პრემიერ-მინისტრმა განმარტა, რომ ხელისუფლება გასულ წელს მზად იყო, რომ კანონპროექტი ვენეციის კომისიაში გადაეგზავნა, თუმცა "აგენტურამ და მათმა მეგობრებმა" თქვეს: "არ გაბედოთ".
„გასულ წელს პირველი მოსმენით მივიღეთ კანონი, შემდეგ ვთქვით ასეთი რამ: ვაგზავნიდით ვენეციის კომისიაში და ვენეციის კომისიიდან დასკვნის მიღებამდე საერთოდ აღარ გავაგრძელებდით კანონის განხილვას. ეს პირობა პირდაპირ იყო დადებული. ამის მიუხედავად გამოვიდნენ უხეშად აქაური აგენტურა და მათი მეგობრები და პირდაპირ გვითხრეს, არ გაბედოთ! ვენეციის კომისიაში გაგზავნაც კი არ გაბედოთ. წარმოიდგინეთ, რასთან გვაქვს საქმე. ასეთ რაღაცებს რომ ვიხსენებთ, კიდევ ერთხელ გვრჩება აღქმა, რომ ვიღაცებს უნდათ ეს ქვეყანა არასდროს დაასვენონ,“ - აღნიშნა პრემიერმა.
მან ასევე მოუწოდა, სამართალდამცველებს, „გამოავლინონ მაქსიმალური მოთმინება“: „მესმის, რომ მარტივი არ არის ძალადობისა და შეურაცხყოფის რეაგირების გარეშე დატოვება,“ აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერმა მოუწოდა ყველას, რომ თავი შეიკავონ ძალადობრივი და კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისგან.
მან მადლობა გადაუხადა „შინაგან საქმეთა სამინისტროს, პოლიციელებს, რომლებმაც მასშტაბური ძალადობისა და შეურაცხყოფის მიუხედავად, შეძლებისდაგვარად ეფექტიანად მოახერხეს ძალადობის აღკვეთა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვა.“
„რა თქმა უნდა, დღესაც ველით, რომ რადიკალური პოლიტიკური უმცირესობის აქცია მიიღებს ძალადობრივ და კანონსაწინააღმდეგო ხასიათს. ეს ყველაფერი გამოხატული იქნება, პირველ რიგში, სახელმწიფო შენობების პიკეტირების მცდელობით, პოლიციელებზე ძალადობით და მათი შეურაცხყოფით,“ აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
მისი შეფასებით, „გუშინდელი ძალადობრივი აქცია“ აკერმანის სახელმძღვანელოს მიხედვით დაიგეგმა.“
„არ იყო სასიამოვნო ხაბეიშვილის დაზიანებების ხილვა, დაფიქსირდა რამდენიმე სამწუხარო ინციდენტი, სამწუხაროა, რომ ძალადობა შობს ძალადობას.
„ზოგადად, რადიკალური ოპოზიციის, მდიდარი „ენჯეოების“ და მათი მედიასაშუალებების ერთადერთი იარაღი არის ძალადობა. ამით გამოირჩეოდა კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში და ამით გამოირჩევა ის ახლაც. ძალადობისთვის კანონის წინაშე ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს. ის ფაქტიც, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონზე მათ არაფერი აქვთ სათქმელი, მაგრამ ამ კანონს მაინც უხეშ იარლიყებს აწებებენ, მათი ძალადობრივი ბუნების კიდევ ერთი გამოვლინებაა,“ - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძემ უცხოელი პარტნიორებიც გააკრიტიკა.
როგორც მან აღნიშნა, ის, ვინც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით ამბობს, რომ ის რუსულია, „ცრუპენტელაა“, "რადგან რუსულ კანონში არის 10 რეპრესიული საკითხი, რომელიც ქართულ კანონში არარის."
„რაც შეეხება სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას, ნებისმიერი უცხოელი, რომელიც იტყუება და არგუმენტების გარეშე გვეუბნებიან, რომ კანონის მიღება არ გავბედოთ, ისინი იზიარებენ პასუხისმგებლობას იმ ძალადობაზე, რომელსაც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ახორციელებს. გამჭვირვალობა არავის აწყობს, არავის უნდა, რომ მათი ფინანსები გამჭვირვალე იყოს,“ - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
ჟურნალისტის შეკითხვას, მზად არის თუ არა მმართველი გუნდი, რომ ევროკავშირზე საბოლოოდ თქვას უარი, მთავრობის ხელმძღვანელმა უპასუხა, რომ შემოთავაზებული კანონი არის აუცილებელი პირობა იმისა, რომ საქართველო ევროპას უფრო სწრაფად დაუახლოვდეს.
„რა გვეტყობა? ეს კანონი არის აუცილებელი პირობა იმისა, რომ ჩვენ უფრო სწრაფად დავუახლოვდეთ ევროპას,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძე კითხვას, ემზადებიან თუ არა ძალაუფლების დასათმობად - პასუხობს - რა გვეტყობა მაგის? - „ჩვენ არჩევნებზე არაფერი გვემუქრება.“
„რა გვეტყობა მაგის? ძალაუფლება არ არის მნიშვნელოვანი ფაქტორი. მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ აგენტურა არ შეიძლება, დაბრუნდეს ხელისუფლებაში. ქვეყანა უნდა მართოს ხალხის მიერ არჩეულმა ხელისუფლებამ და არა თავს მოხვეულმა აგენტურამ.
ჩვენ არჩევნებზე არაფერი გვემუქრება. ბოლო კვლევის თანახმად, 61.5% იყო ჩვენი რეიტინგი. არჩევნების მოგება თავისუფლად შეგვიძლია. ეს არ არის მთავარია. ამ სამი წლის განმავლობაში იყო რევოლუციის 2 მცდელობა. ეს რომ არ ყოფილიყო, ჩვენი ეკონომიკა მინიმუმ 5 მლრდ დოლარით მეტი იქნებოდა,“ - აღნიშნა კობახიძემ.
„რა თქმა უნდა, არა - ეს კანონი არის იმდენად მნიშვნელოვანი სახელწიფო სუვერენიტეტის განმტკიცებისთვის, რომ დაუშვებელია აქ კომპრომისი,“ განაცხადა ირაკლი კობახიძემ, რითაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას: “არის თუ არა რაიმე შემთხვევა, როცა მმართველი პარტია განიხილავს გასული წლის მსგავს სცენარს, როცა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონპროექტი უკან გაიწვიეს.”