აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ შეერთებული შტატები ქართველი ხალხის გვერდით დგას.
ვაშინგტონი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ევროკავშირისკენ გზა პარტნიორებთან, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებთან მუშაობით გააგრძელოს.
„ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ. მათ ნათლად განაცხადეს, რომ ევროატლანტიკურ ინტეგრაციას მხარს უჭერენ. ჩვენ საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, ევროკავშირისკენ გზა პარტნიორებთან, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებთან მუშაობით გააგრძელოს“, - წერს ჯეიმს ო'ბრაიენი X-ზე და აღნიშნავს, რომ ამის შესახებ „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტს ანი ჩხიკვაძეს ესაუბრა.
ორი დღით ადრე ჯეიმს ო'ბრაიენი ე.წ „უცხოური აგენტების კანონპროექტთან“ დაკავშირებით ესაუბრა საქართველოს პარლამენტის დეპუტატებს, რომლებიც ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან.
მწვავე განცხადება გაავრცელა აშშ-ის სენატმა - ორპარტიულმა ჯგუფმა, 14-მა სენატორმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრს 26 აპრილს წერილი გაუგზავნა, რომ თუკი ხელახლა ინიციირებული „უცხოური აგენტების კანონპროექტი“ კანონი გახდება, ისინი იძულებულნი იქნებიან, წაახალისონ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ.
2 მაისს შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირებმა აშშ-ში მიწვევაზე უარი თქვეს.
იმავე დღეს, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ტელეფონით ესაუბრა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველს დერეკ შოლეს და მასთან საუბარში გამოხატა „გულწრფელი იმედგაცრუება 2020-23 წლების ორი რევოლუციური მცდელობის გამო, რომელიც ამერიკის ყოფილი ელჩის მხარდაჭერით და გარედან დაფინანსებული „ენჯეოების“ მეშვეობით განხორციელდა.“
2 მაისსვე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა პრესკონფერენციაზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი „ძალიან ყურადღებით აკვირდება“ საქართველოში მიმდინარე პროცესებს.