გომელაური: ვნახეთ ელჩების და მათი ქვეყნების წარმომადგენლების განცხადებები, რომ არაპროპორციული ძალა გამოიყენა პოლიციამ, რაც სასაცილოა

შს მინისტრი მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში დაცულია კანონით დადგენილ ნორმებში. ვახტანგ გომელაურის თქმით, „დანაყოფები გაწვრთნილები და აღჭურვილები არიან, როგორც ევროპულ ქვეყნებში და მათ ჰქონდათ ერთობლივი წვრთნები აშშ-ის დანაყოფებთან ერთად.“ ამით ის გამოეხმაურა კრიტიკას, რომ პოლიციამ აქციებზე ძალას გადაამეტა.


„სპეციალურად შევარჩიეთ და გავუშვით ის კადრები, ეს იყო მცირე ნაწილი, რაც ხდება ევროპაში, ამერიკაში, მსოფლიოში, ეს სტანდარტულია. არაერთხელ გაჟღერდა, რომ ჩვენი დანაყოფები არასწორად იყენებენ ძალებს. მინდა, ხაზი გავუსვა, ჩვენი დანაყოფი, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დანაყოფი და პოლიციური ძალები გვყავს გადამზადებული ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, ჰქონდათ ერთობლივი წვრთნები აშშ-ის დანაყოფებთან ერთად.


ეს დანაყოფები გაწვრთნილები და აღჭურვილები არიან, როგორც ევროპულ ქვეყნებში. ჩვენთან რაღაც ახალი არ ხდება. მოვუწოდებ ამ ბავშვების მშობლებს, გამოხატონ აზრი, სიტყვის თავისუფლება ჩვენთან დაცულია, ჩაატარონ აქცია, თუმცა ზღვარს არ უნდა გადავიდნენ.


მაქსიმალურად ვცდილობთ, ამ ბავშვებს გავუფრთხილდეთ. ქართველები ცოტანი ვართ ძალიან, ესენი არიან ჩვენი ახალგაზრდობა და ვცდილობთ, გავუფრთხილდეთ, არ გამოვიყენოთ ის საშუალებები, რისი გამოყენებაც შეგვიძლია კანონით. 20 პროცენტიც არ გამოგვიყენებია ბოლო წლების განმავლობაში, რაც აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს,“ – განაცხადა გომელაურმა.


„ვნახეთ, ახალგაზრდებმა პარლამენტთან კარი, კამერები დაამტვრიეს, ცეცხლი დაანთეს. ერთი პოლიციელიც არ გამოსულა, რომ არ მომხდარიყო  შეტაკება და ეს ბავშვები არ დაშავებულიყვნენ, მაქსიმალურად გავითვალისწინეთ. მეორე დილით ვნახეთ ელჩების და მათი ქვეყნების წარმომადგენლების განცხადებები, რომ არაპროპორციული ძალა გამოიყენა პოლიციამ, რაც სასაცილოა. შავზე გვეუბნებიან, რომ თეთრია და სამწუხაროა,“ – განაცხადა გომელაურმა.

„გაჟღერებული ინფორმაციის ნახევარი პირდაპირ ეთერებში ვნახეთ, რასაც აკეთებდნენ, საუბრები, გადატრიალებები, გადმოვარდნა, გადატრიალდნენ, გადმოტრიალდნენ თავიანთ ოფისებში თუ უნდათ, დაანებონ თავი პარლამენტს და სახელმწიფო უწყებების შენობებს,“ აღნიშნა შს მინისტრმა.