მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს პროტესტის გამოხატვის უფლების დაცვა.
„მოვუწოდებთ ხელისუფლებას, უზრუნველყოს ხალხის მიერ პროტესტის გამოხატვის უფლების დაცვა. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ჩაატაროს სათანადო გამოძიება და მოველით, რომ პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან,“ - აღნიშნა პიტერ სტანომ.
„ჩვენ ჯერ აქ არ ვართ, საქართველო, ბოლოს და ბოლოს, კანდიდატი ქვეყანაა და ისევ ვიმედოვნებთ, ველით და მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაბრუნდნენ ევროპულ გზაზე და შეასრულონ ყველა ვალდებულება, რაც მათ ნებაყოფლობით აიღეს, როდესაც თავიანთი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი მოითხოვეს,“ - აღნიშნა პიტერ სტანომ.
ცნობისთვის, 10 მაისს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ევროპული ქვეყნების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებს არ შეხვდება, ვინაიდან მათ ვიზიტისთვის კარგი დრო არ შეარჩიეს.
11 მაისს თბილისში "ევროპული მარშის" ფარგლებში, ევროპის მოედანზე ხალხმრავალი აქცია გაიმართა.
კანონპროექტის მოწინააღმდეგეებმა 12 მაისს, პარლამენტთან ღამე გაათენეს. შსს აცხადებს, რომ დაააკავა 20 პირი. სახალხო დამცველი „პოლიციის მხრიდან მოქალაქეთა მიმართ რამდენიმე სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე“ მიუთითებს.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური იუწყება, რომ „სამართალდამცველების მიერ აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.“
ამ ფონზე, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი თბილისში ვიზიტით ჩამოდის.
ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი ევროპელ დიპლომატებთან ერთად თბილისში დღეს, 13 მაისს, გამთენიისას ჩამოვიდა.
13 მაისს იურიდიულმა კომიტეტმა სადავო კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა.
პლენარულ სესიაზე მას ხვალ, 14 მაისს მესამე - საბოლოო მოსმენით განიხილავენ.
ცნობისთვის, ევროკავშირის წევრი ხუთი ქვეყნის პარლამენტთა საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეების საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით 2024 წლის 14 მაისს 17:00 საათზე გერმანიის საელჩოში გამართავენ პრესკონფერენციას.
პრესკონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ პაველ ფიშერი (ჩეხეთის რესპუბლიკა), ბოგდან კლიხი (პოლონეთი), მიხაელ როთი (გერმანია), ჟიგიმანტას პავილიონისი (ლიეტუვა) და სებასტიან ტინკინენი (ფინეთი).
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს.
-
ო'ბრაიენი: ღრმად შეწუხებულები ვართ იმ ადამიანებზე ძალადობითა და დაშინებით, ვინც ეწინააღმდეგება კრემლის მიერ შთაგონებულ უცხოური გავლენის კანონპროექტს
-
სახელმწიფო დეპარტამენტის შემდეგ, ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტს თეთრი სახლი აკრიტიკებს
რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ.